საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ჰაერში ტყვიის შემცველობა გაზომეს
10-10-2018

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა განსაზღვრა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 8 დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. 

გაზომვების შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

კერძოდ, 2 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 7 ოქტომბერს მხოლოდ ქუთაისში აღინიშნა კონცენტრაციის 1.2-ჯერ გადაჭარბება, ხოლო 8 ოქტომბერს კი თბილისში ვარკეთილში დაფიქსირდა PM10-ის კონცენტრაციის 1,1-ჯერ ნორმაზე გადაჭარბება. PM10-ის კონცენტრაციების მატება გამოწვეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-დასავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ქალაქ ბათუმსა და ქალაქ ქუთაისში 1.1-ჯერ. 

ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს. კვლევის არეალი გაფართოვდა. სპეციალისტები აგრძელებენ ყოველკვირეულ კვლევას ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: აბაშიძის ქ. N14, ქეთევან წამებულის N90, დადიანის ქუჩა N19 და ტელევიზია ,,იმედის“ ეზოში. აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. 

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებ-გვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203