თბილისის N36 საჯარო სკოლის მესამე და მეხუთე კლასში World Vision-ის ცენტრის ბავშვები სწავლობენ.
მათ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) ორგანიზებით, თანაკლასელებთან ერთად, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების დეტალები დაგეგმეს.
მოსწავლეებმა შექმნეს საგამოფენო ნამუშევრები: თბილისური სახლები, მინიატურული ჩურჩხელები, დაამზადეს მოსაწვევები, რომლებიც სკოლის პედაგოგებს და მშობლებს გადასცეს.
ცენტრის ბავშვებმა თანაკლასელებთან ერთად სკოლის კედლები შემოდგომის ფოთლებითა და ბუშტებით მორთეს, ერთად შექმნეს პლაკატი, რომლითაც სკოლის სხვა ბავშვებს და პედაგოგებს თბილისობა მიულოცეს, ხილის კალათი გააკეთეს, შემოდგომის ფოთლებით გვირგვინები დაამზადეს.
მათ თანაკლასელებმა ერთად შეარჩიეს და მოამზადეს სიმღერები და ლექსები, რომლებითაც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ.
„აღნიშნული აქტივობის მზადება-წარდგენისას მუშაობა იყო გუნდური და ყველა მოსწავლე თავს თანასწორად გრძნობდა. ბავშვებს საშუალება მიეცათ უკეთ დაენახათ, შეეფასებინათ და დაეფასებინათ ერთმანეთის ნიჭი და შესაძლებლობები“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება.
იხილეთ ფოტოები