„სკოლის მემატიანე“ - იხილეთ ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგის ჩანახატი
15-10-2018
ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესის პარალელურად შემოქმედებითი აქტივიზმითაც არიან დაკავებულნი. 

კერძოდ, მესამე კლასის მასწავლებლმა ლელა ჩხაიძემ ჩანახატი შექმნა, რომელსაც Etaloni.ge გთავაზობთ:

„ტოტები შემოცლია და დგას ასე. დგას ბუმბერაზი, დანაოჭებული და ბებერი. ვინ იცის, რამდენჯერ შეუკურთხებია სკოლის მეეზოვეს ირგვლივ მიმოფანტული, შუდარებლად ლამაზი ფოთლების გამო! რა ქნას? განა ასე ადვილია ამოდენა ჭადრის ფოთლების შეგროვება! ახლა მივიწყებული დგას აგერ, პირველი სკოლის ეზოში. შუა ეზოში დგას და ფიქრობს. ნეტავ რას? მხოლოდ ცოცხსა და ნიჩაბს თუ შეაგდებს მის ღრმა ფუღუროში დაღლილი მეეზოვე. სკოლის სიმბოლოდ ქცეულა ჭადარი. უამრავი ამბის მომსწრეა; მასწავლებლებმაც რომ არ იციან, ისეთი ამბების, სულ ფერად-ფერადი, ნახატი ამბების. აბა, ამ სკოლის გოგო-ბიჭებს ერთფეროვანი ფიქრები და აზრები ხომ არ ექნებოდათ! ჰოდა, ესმოდა ამდენი სასაცილო, სახუმარო, ცელქი, სიბრძნითა და მოხერხებით გაჯერებული აზრები. საწყენიც ესმოდა, თუმცა რა... ტოტებს და ფოთლებს შეარხევდა და ასე ამხნევებდა. მესაიდუმლეც იყო. უნებლიე მესაიდუმლე. აბა, მას ვინ გაენდობოდა, კარგი და წამოცდენოდა სადმე. არადა, ვისთვის უნდა ეთქვა, ვისთვის გაემხილა! კიპარისები შორიდან შესცქეროდნენ. შურდათ ლამაზი და ბრძენი ხის, რადგან შეუმჩნეველნი იყვნენ მის გვერდით. ჭადარი მოსმენილ ამბებს საკუთარ ფოთლებს ანდობდა მხოლოდ. მერე ქარში აბნევდა, მარადისობას უგზავნიდა. ახლა დგას უძლური, ფოთლებ და ტოტებდაცვენილი ჭადარი. ვეღარც ამბებს ისმენს. უზარმაზარი ზრო ღრმა ფუღუროდ ქცეულა. დამალობანას მოთამაშე ბიჭი თითს იშვერს, გაოცებული შეჰყურებს ბნელ ფუღუროს. ეხვეწება ჭადარი: შემოდი დაგმალავო. ვერ ბედავს ბიჭი. საშიში ჩანს ფუღურო. ხის მარჯვენა ფერდზე სახელი ამოუკაწრავთ, მარცხენაზე - მზე. ცდილობს შერჩენილი ტოტებით მიბჯენილ სკამს გადაეფაროს და მზე, უკვე შევერცხლილ, სკამზე მჯდომარე მასწავლებელს მოუჩრდილოს. თითქოს ის დარჩა მისი ერთგული. ბევრი წელი გაუტარებიათ ერთად. ახლა დაღლილი ზის ჭადრის ხესთან. არ ადარდებს, რომ ბებერი ჭადარი გაჯიუტებულ მზეს ვერ უჩრდილავს. ამოუცნობი ფიქრები დაუფლებია ჭადარს და მასწავლებელს. თაობების მიერ გადაღებულ სკოლის ტრადიციულ ფოტოებში ამაყად დგას ჭადარი და მასწავლებელი. ნეტავ, რომელი გამოდგება სკოლის მემატიანედ - ჭადარი თუ მასწავლებელი!“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203