თბილისის N6 საჯარო სკოლა შემოდგომის დღეებს მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება
16-10-2018
თბილისის N6 საჯარო სკოლაში „შემოდგომის ღონისძიება“ გნსაკუთრებული სილაღითა და მრავალფეროვნებით აღინიშნა. 

დღესასწაულზე 170- მდე ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა კუთხეს წარმოადგენდა და არა მხოლოდ საგამოფენო სივრცეებით, არამედ თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი სიმღერით, ცეკვითა და ლექსებით ამახსოვრებდა დამსწრეებს თავს.

თბილისის N6 საჯარო სკოლის წარმატებულმა დირექტორმა, თამარ აბაზაძემ etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ღონისძიება ტრადიციად იქცა და წელს მეხუთედ ტარდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია აქტივობების შემეცნებითი ხასიათი, როდესაც პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და კულტურას ეცნობიან: 

„წელს „შემოდგომის ღონისძიებას“ მეხუთედ ვატარებთ. მის დაგეგმვასა და მიმდინარეობაში ბავშვებთან და მასწავლებლებთან ერთად მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი გვაქვს საქართველოს ყველა კუთხე, მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით. მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიებას არა მხოლოდ გასართობი, არამედ შემეცნებითი ხასიათი აქვს. აქ ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს ეცნობიან.“

თბილისის N6 საჯარო სკოლა ნოვატორული და მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩევა, ამდენად, დირექტორის თქმით, მომდევნო კვირას მესამე და მეოთხე კლასების მონაწილეობით მორიგი ღონისძიება იგეგმება, სადაც თბილისის თითოეული უბნისთვის დამახასიათებელი ცხოვრების სტილი და ძველი სურათები გაცოცხლდებიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203