რუსთავის N12 საჯარო სკოლაში ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბი აქტიურად მუშაობს
16-10-2018
რუსთავის N12 საჯარო სკოლაში ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბი „მწვანე დედამიწა“ აქტიურად მუშაობს. კლუბი სკოლაში 2013 წელს ჩამოყალიბდა.
კლუბის მუშაობა ემყარება საბუნებისმეტყველო დისციპლინების ხალისით სწავლას, რადგანაც ეს საგნები სასკოლო დისციპლინებს შორის, მოსწავლეებისათვის რთული გასაგებია.
კლუბის წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში იმყოფებოდნენ, სადაც მოსწავლეებმა აჩვენეს სახალისო ექსპერიმენტები და ისაუბრეს სამეცნიერო პიკნიკზე.
კლუბი ყოველწლიურად ადგენს თავის სამუშაო გეგმას, რომელიც ყოველ ახალ სასწავლო წელს იწყება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „სამეცნიერო პიკნიკით“, რომლის დევიზია - „მეცნიერება სახალისოა“.
კლუბის წევრებმა სამეცნიერო პიკნიკისთვის სამზადისი დაიწყეს გასული სასწავლო წლის ბოლოს.
ღონისძიებაში უფროსკლასელებთან ერთად უმცროსკლასელებიც მონაწილეობდნენ.
კლუბის სხდომაზე შეირჩა აქტივობები, ექსპერიმენტები ორივე ჯგუფისთვის, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ექსპერიმენტების ჩასატარებლად საჭირო უსაფრთხოების წესები, ჩაატარეს ექსპერიმენტები.
ვაკის პარკში ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში კლუბმა უკვე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა.
„დღემ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ, ჩვენს კარავთან თავს იყრიდნენ ვიზიტორები, მოსწავლეები მათ უხსნიდნენ ექსპერიმენტების არსს, ასევე ვიზიტორებსაც ეძლეოდათ შესაძლებლობა თვითონაც ჩაეტარებინათ ჩვენ მიერ შეთავაზებული ექსპერიმენტები. სამეცნიერო პიკნიკი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პატარებისათვის, რომლებიც ემოციებით დატვირთულები თავიანთ თანატოლებს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.