წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
16-10-2018
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღესასწაული ტრადიციულად აღინიშნება, თუმცა, ეს ზეიმი წელს განსაკუთრებული და გამორჩეული იყო.
აღნიშნულის მიზეზი იმ ადამიანების სტუმრობა გახლდათ, რომლებმაც მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნეს და მრავალი ათეული წელი სწორედ ამ სკოლის ჭერქვეშ გაატარეს. ლიუდმილა ჩუტკიხი, გიორგი ახრახაძე, გუგული ჯანელიძე - ეს ის ღვაწლმოსილი პედაგოგებია, რომელთა ხატებაც მრავალი თაობის სიყმაწვილის დღეებს ამკობს.
სკოლის პედაგოგიურ კოლექტივში, ახალგაზრდების მხარდამხარ, ქალბატონი ელვარა წულაია მომავალი თაობის აღზრდის საქმეს პროფესიული ერთგულებით ემსახურება. მას პედაგოგიური საქმიანობიდან 50 წელი შეუსრულდა.
სკოლის დირექციის ცნობით, ამაღელვებელი იყო სხვადასხვა თაობის მასწავლებელთა შეხვედრა: „ბევრი თბილი სიტყვა ითქვა, დარბაზში ლექსის სტრიქონები და მუსიკის ჰანგები იღვრებოდა. პედაგოგებმა სამახსოვრო ფოტოსურათებიც გადაიღეს და გულით მიძღვნილი საჩუქრებიც მადლობით მიიღეს“,-აღნიშნავენ სკოლაში.
მათივე ინფორმაციით, ამ დღის სითბო და სიხარული ზეიმის მონაწილეებს სულიერ საზრდოდ დიდხანს გაჰყვებათ.