ახალციხის N5 სკოლაში ლიტერატურული ალმანახის პრეზენტაცია მოეწყო
10-01-2017

ახალციხის N5 სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო ლიტერატურული ალმანახის „თინათინი“ პრეზენტაცია, რომლის გამოცემა მიეძღვნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850–ე წლისთავსა და იუნესკოს მიერ 2016 წლის შოთა რუსთაველის წლად გამოცხადებას. 

ამ პროექტის იდეის ავტორი, გამოცემის რედაქტორი და ხელმძღვანელი ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე სულაქველიძე, ხოლო რედკოლეგიის წევრები  კი IX კლასის მოსწავლეები არიან: ქეთევან კაჭკაჭაშვილი, თეონა დალალიშვილი, ნუცა ივანოვი, ციცი ნიქაბაძე, ლია ივანიძე, ანა ხმალაძე, მარიამ დევნოსაძე, მარიამ ცალქალამანიძე, ლუკა ლაზარაშვილი, ლუკა ყურმაშვილი და ნიკა გელაშვილი. 

ორნამენტების ავტორი ელენე თარხნიშვილი – VIII კლასის მოსწავლე, ბროშურა დაკაბადონდა და დაიბეჭდა კომპიუტერულ ცენტრში „ცოდნა“, სიმური თარხნიშვილის მიერ.

მოსწავლეებმა ალმანახისათვის შეაგროვეს მასალები, გამოიკვლიეს სკოლის პოეტური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, მასწავლებლებიც და სწორედ ეს მასალები განთავსდა ალმანახში. ალმანახის პირველ ფურცლებზე გამოქვეყნდა სკოლის დირექტორის, ინგა ვარდიძისა და დირექტორის მოადგილის, ზოია გელაშვილის მილოცვები მოსწავლეებისადმი ამ ორი უდიდესი თარიღის აღსანიშნავად. 

ასევე, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე მათემატიკის მასწავლებლის, თემური ხუციშვილის ინტერვიუ, სკოლის კურსდამთავრებულის, ამჟამად სტუდენტ შოთა დათაშვილის მიერ მწოდებული „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს საკაცობრიო მნიშვნელობის იდეების ქადაგებაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ როლზე, რისთვისაც ღირსეული ადგილი უჭირავს მსოფლიო ლიტერატურაში და რატომაც გამოაცხადა იუნესკომ 2016 წელი რუსთაველის წლად.

დასკვნა კი ელენე თარხნიშვილის ესეს მიხედვით ასეთი იყო: „ამ სამყაროს მხოლოდ სიყვარული და მეგობრობა გადაარჩენს. „ვეფხისტყაოსანი“ ჩემთვის ცოცხალი ლეგენდაა და ჩვენი ერის უკვდავების საიდუმლოც ეს არის–მივყვეთ მის შეგონებებს და თავად რუსთაველი შეგვიძღვება მსოფლიო ცივილიზაციაში“.

ღონისძიების ბოლოს ლექსები წაიკითხეს ნორჩმა პოეტებმა: მარიამ ბერიძემ, გვანცა ნოზაძემ, გურამ გაჩეჩილაძემ, ნინი გოგოლაძემ, მარიამ ჩქვანავამ.

დიდი მოწონება დაიმსახურა ფიზიკის მასწავლებლის, ცარო ფირფირაშვილი–ლეკიშვილის ლექსმა  „შოთა რუსთაველს“.

X კლასის მოსწავლის, ნანი ჩადუნელის, VI კლასის მოსწავლეების, გულიკო აღლემაშვილისა და კოტე ლეკიშვილის მიერ ზეპირად წაკითხულმა ნაწყვეტებმა „ვეფხიტყაოსნიდან“ მსმენელის მოწონება დაიმსახურა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203