ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღნიშნეს
19-10-2018
29-30 სექტემბერს საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნა.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მიერ გამართულ ღონისძიებაზე „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი-გაზიარების ხელოვნება“, ხარაგაულის ბაზალეთის საჯარო სკოლა რუმინეთის ქვეყანას წარმოადგენდა.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს რუმინეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის შესახებ და რუმინეთისა და საქართველოს დიდ გულშემატკივარსა და მეგობარზე ზაირა სამხარაძეზე.
ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, პოეტმა, ლექსიკოგრაფმა და პუბლიცისტმა ზაირა სამხარაძემ ბევრი რამ გააკეთა ქართულ-რუმინული ურთიერთობებისათვის. მან ევროპას გააცნო საქართველოს ისტორია, ლიტერატურა და პირიქით, რუმინეთის თემაც ახლოს მოიტანა ქართულ ცნობიერებაში.
ზაირა სამხარაძე მეუღლესთან ალექსანდრე (ანდი) კალჩუსთან ერთად ადგენდა ლექსიკონებს, საქართველოს თემაზე გამოდიოდა რადიოსა და ტელევიზიაში.
პრეზენტაციაზე მოსწავლეები რუმინეთის დროშის ფერებში იყვნენ გამოწყობილნი.
„მათ რუმინეთის კუთხე წარმოადგინეს საინტერესო სტენდითა და რუმინული ტრადიციული ნაკეთობებით. რუმინეთის გარდა იყო ღონისძიებაზე რუმინეთის გარდა წარმოდგენილი იყო დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და ძველი საბერძნეთი. თითოეული სკოლის პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.