სახალხო დამცველი მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა პანსიონების ლიცენზირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს
20-10-2018

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა პანსიონების ლიცენზირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

საქართველოს სახალხო დამცველი წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის გოგონათა და ვაჟთა პანსიონს და ფერიის მუსლიმურ გოგონათა პანსიონს ეწვია.

ნინო ლომჯარია პირადად გაეცნო პანსიონებში არსებულ ინფრასტრუქტურას, შეამოწმა საცხოვრებელი პირობები და საგანმანათლებლო პროცესი, ესაუბრა აღსაზრდელებს.

„ნინო ლომჯარია მნიშვნელოვნად მიიჩნევს მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა პანსიონების ლიცენზირებას; ასევე ხაზს უსვამს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას, რაც პირველ რიგში, პროცესში სოციალური სამსახურის აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ რელიგიური კონფესიების ბავშვთა პანსიონების ნაწილს კვლავ არ აქვს გავლილი ლიცენზირება, პრობლემებს უქმნის სამუშაო პროცესის რეგულირებას. ამასთან, ფერიის მუსლიმთა პანსიონის თანამშრომლებმა სახალხო დამცველთან შეხვედრაზე ლიცენზიის მიღების პროცედურებში გარკვევის სირთულეებზე ისაუბრეს, რაც ხელისფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან პანსიონებთან თანამშრომლობისა და მათ პროცედურულ საკითხებში დახმარების საჭიროებაზე მიუთითებს.

უცვლელი რჩება სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ: გადადგას ქმედითი ნაბიჯები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ეფექტიანი წარმართვის მიზნით - დროულად უზრუნველყოს ქვეყანაში არსებული ყველა რელიგიური სკოლა-პანსიონის დეინსტიტუციონალიზაცია და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შემდგომი ლიცენზირება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად; ამ მიზნით ინფორმაცია მიეწოდოს და შესაბამისი კონსულტაცია გაეწიოს სკოლა-პანსიონებს.

სახალხო დამცველის აპარატი მზად არის სტანდარტების გაცნობისა და შესრულების საკითხებში აქტიურად ინფორმაცია მიაწოდოს პანსიონების ხელმძღვანელებსა და პერსონალს, რათა ყოველმხრივ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და ნებისმიერი პროცედურული თუ ძირეული ცვლილება უმტკივნეულოდ წარიმართოს“,-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203