გაიცანით კურსების საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე გიორგი გვარაკიძე
24-10-2018
კურსების საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე გიორგი გვარაკიძე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში „ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის მონაწილეობდა.
გიორგი კონსულტანტების მიერ შერჩეულ 12 მონაწილეთა შორის მოხვდა.
მხატვრულ კონკურსში შერჩეული 12 მონაწილე წელიწადის თორმეტი თვის თემატიკაზე ქმნიდა ნახატებს, ხოლო ლიტერატურული კონკურსის მონაწილეები კი ლიტერატურულ ნაწარმოებებს.
მონაწილეების მიერ შექმნილი ნახატებით 2019 წლის კედლის კალენდარი აიკინძება, ნაწარმოებებით კი კრებული გამოიცემა. წიგნი ასევე ბრაილის შრიფტით დაიბეჭდება და განკუთვნილი იქნება მცირემხედველთა და უსინათლოებისთვის.
კონკურსის მიზანი იყო მოზარდების ხელით წიგნის შექმნა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს ნიჭიერი პროზაიკოსები და მხატვრები.
კონკურსის საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა კურსების საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი ნატო აბესაძე, რომელიც უკვე 8 წელია ასრულებს კულტურული შუამავლის როლს საქართველოსა და გერმანიის ერკნერის „ხელოვნების მოყვარულთა კავშირს“ შორის.
გიორგი გვარაკიძე წელს გერმანიის საერთაშორისო კონკურსშიც იღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ გიორგი 1 წელია სახვითი ხელოვნების ტექნიკას ეუფლება ქუთაისელი მხატვრის, ლევან გოგიტაძის სამხატვრო სტუდიაში.
კურსების საჯარო სკოლა ულოცავს გიორგი გვარაკიძეს დამსახურებულ მიღწევას და ასეთივე წარმატებებს უსურვებს უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც.