ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ლიტერატურული ღონისძიება ჩაატარეს
25-10-2018
ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მე-5 კლასელებმა ლიტერატურული ღონისძიება „ჩემი ზღვისპირი“ ჩაატარეს, რომელიც საქართველოს  ისტორიას ანტიკური ხანიდან აფხაზეთის ტრაგედიამდე მოიცავდა.

ნორჩმა დეკლამატორებმა აფხაზეთის თემაზე გალაკტიონ ტაბიძის, მურმან ლებანიძის და შოთა ნიშნიანიძის ლექსები წაიკითხეს, ასევე, სანთლების ფონზე აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 
მოსწავლეებს საკუთარი ფანტაზიით დამზადებული პლაკატები ჰქონდათ, რომელზეც შემდეგი წარწერები გახლდათ: „მათ ხსოვნას  ქვეყანა სანთლებად აინთებს“,  „აფხაზეთი ჩემი“, „ რაც დროსთან ერთად წავიდა“ და „საქართველო უაფხაზეთო-მკერდმოჭრილი ამორძალი“. 

ღონისძიების დამთავრების შემდეგ ნორჩმა ჟურნალისტებმა მონაწილეებს კითხვით მიმართეს,  აფხაზეთის დაბრუნების შემდეგ როგორ მოინახულებდნენ იმ კუთხეს, რომელსაც წიგნებიდან იცნობენ.  

პასუხიც სიმბოლური აღმოჩნდა: ისინი ბათუმიდან სოხუმში ექსკურსიას დაგეგმავდნენ,  სამარშუტო  ხომალდს  „არგოს“დაარქმევდნენ და ცნობილი სიმღერით -  „გზა დაგვილოცე“ - ესტუმრებოდნენ აფხაზეთს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203