საქართველოში 2-6 წლამდე ასაკის ბავშვების 30% საბავშვო ბაღებში ვერ დადის - გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევა
25-10-2018

გაერო-ს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტმა, ანა ჯანელიძემ „სკოლამდელი განათლების ხარისხის“ კვლევის შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2–6 წლამდე ასაკის ბავშვების 30% უფასო სკოლამდელი განათლებას ვერ იღებს.

მისივე თქმით, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრთან ერთად კვლევა 2017 წელს დაიწყო და იგი წელს დასრულდა.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, ასევე ფოკუსჯგუფები საბავშვო ბაღის დირექტორები, აღმზრდელები და მშობლები.

კვლევა 5 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, რომელთაგან ერთ–ერთი 2–6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხის შესწავლაა.

„კვლევის შედეგები შეგვიძლია 5 სხვადასხვა სფეროდ დავყოთ. პირველი არის ხელმისაწვდომობის საკითხი. კერძოდ, რამდენად მიუწვდებათ ხელი 2–6 წლამდე ასაკის ბავშვებს საბავშვო ბაღებში მიიღონ უფასო სკოლამდელი განათლება.

კვლევამ აჩვენა, რომ ამ კატეგორიის ბავშვების 30% სკოლამდე დაწესებულებებში ჩართული არ არის. მიზეზები კვლევას არ გამოუვლენია. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, მათ შორის დიდ ქალაქებსა და თბილისში, ოჯახებს აქვთ სურვილი, მაგრამ საბავშვო ბაღებში ადგილები ფიზიკურად არ არის. სოფლების შემთხვევაში კი ზოგან ბაღი საერთოდ არ არის და ამიტომ ვერ სარგებლობენ სკოლამდელი განათლებით.

ჩვენ არ გვაქვს მონაცემები რამდენი სოფელია, რომელსაც ბაღი არ აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მონაცემები სოფელში მცხოვრები ბავშვების რამდენი პროცენტი დადის და ეს გახლავთ მხოლოდ 46%“, – განაცხადა ანა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ეროვნული უმცირესობების ბავშვები, რომელთაც სკოლამდელ განათლებაზე ხელი უფრო ნაკლებად მიუწვდებათ. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობის მხოლოდ 33% მიუწვდება ხელი სკოლამდე განათლებაზე, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების მხოლოდ 50% დადის საბავშვო ბაღში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203