რამდენად სრულყოფილად ფლობენ კლასის დამრიგებლები მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას
26-10-2018
დამრიგებელს მოსწავლეთა ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სწორედ ის არის ერთ-ერთი პირი, რომელიც სკოლაში მოწაფეების აკადემიური მოსწრებისა თუ მათი უსაფრთხო სწავლის პროცესის შესახებ პასუხს აგებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დამრიგებელი მოსწავლის ცხოვრებაში უფრო მეტად იყოს გარკვეული, ვიდრე ეს მხოლოდ საგაკვეთილო პროცესზე დასწრება - არ დასწრებას უკავშირდება.
Etaloni.ge ამ თემით სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა და გაარკვია, თუ როგორ ურთიერთობენ კლასის დამრიგებლები მშობლებთან და მოსწავლეებთან.
წრომის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანული პაპუაშვილი:
დამრიგებლებს ყოველდღიური კონტაქტი აქვთ მშობლებთან. ნებისმიერი საკითხი ვიცით მოსწავლესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველანაირად ვცდილობთ, რომ სკოლაში ისეთი პირობები შევქმნათ, რომელიც ნებისმიერ ამოცანას გადაჭრის. როცა ბავშვი არ მიდის სკოლაში, ყველა დამრიგებელი ვალდებულია დარეკოს სახლში და გაარკვიოს, რა გახდა ამის მიზეზი. ასევე, მეგობრული ურთიერთობა აქვთ ბავშვებს, ექსკურსიაზე, დაბადების დღეებზე ხშირად ერთად დადიან.
ვაყის საჯარო სკოლა, დირექტორი მამუკა მაჭარაშვილი:
ჩვენი სკოლის დამრიგებლები მოსწავლეთა ოჯახებსაც ხშირად სტუმრობენ. მუდმივი კონტაქტი აქვთ, შაბათ-კვირას თუ არასამუშაო საათებშიც. თუ დავინახეთ, რომ ბავშვი შეუსაბამო საათებში ქუჩაშია, მშობლებს აუცილებლად ვუკავშირდებით. მუდმივი ურთიერთობა აქვთ დამრიგებლებსა და მშობლებს ერთმანეთთან.
ტყიბულის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი მეგი ქათამაძე:
დამრიგებლები მოსწავლეთა ცხოვრებაში არასასკოლო სიტუაციაშიც ჩართულნი არიან. მაგალითად, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სწავლობდა ჩვენთან და პედაგოგებმა საკუთარი ფინანსებით მოსწავლეს საზამთრო სამოსი შეუძინეს. თუ საჭიროა, მოსწავლეთა კონტროლი სახლშიც მიმდინარეობს, თუმცა ძალიან კარგი მოწაფეები გვყავს და ეს იშვიათად ხდება.
ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლა, დირექტორი თინათინ ყალიჩავა:
დამრიგებლები როგორც სკოლაში, ასევე სახლში აქცევენ ყურადღებას მოსწავლეებს. აქტიურად ჩართულნი არიან მათ ყოველდღიურობაში და რაც მთავრია, მეგობრობენ. სხვათაშორის, მორიდებული, წყნარი მოსწავლეები გვყავს, რომელთაც სწავლა და შრომა აინტერესებთ.
თბილისის N154 საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი გარსიძე:
დამრიგებლებს მუდმივი კონტაქტი აქვთ მშობლებთან. ასევე, ყოველ პარასკევს მშობელთა კრება თუ ინდივიდუალური შეხვედრები ტარდება. მოსწავლის სახლში დამრიგებლები იმ დროს რეკავენ, თუ რამე პრობლემა არსებობს. თუ მშობელი კრებაზე მოსვლას ვერ ახერხებს, მასთან სატელეფონო კონტაქტი მყარდება.
ვაზიანის საჯარო სკოლა, დირექტორი მარიამ დათუაშვილი:
სკოლაში ყოველ კვირა ტარდება „კლასის საათები“, სადაც როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები სხვადასხვა საკითხზე საუბრობენ. დამრიგებლები მუდმივად უკავშირდებიან მშობლებს, აქვთ მათთან ინდივიდუალური შეხვედრები, ასევე -სატელეფონო კავშირები.
ერედის საჯარო სკოლა, დირექტორი გელა თეზელაშვილი:
სოფელი ძალიან პატარაა, ყველა ერთმანეთის ახლობელი და ნათესავია. დამრიგებლები ფაქტობრივად სახლებში დადიან, იმდენად ახლო ურთიერთობა აქვთ მოსწავლეების მშობლებთან. ყველა წვრილმანის შესახებ ინფორმირებულნი არიან. თუ მოწაფეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, დამრიგებელი სახლში მიდის და მშობელს საქმის კურსში აყენებს.
გუთურის საჯარო სკოლა, დირექტორი მზია ოსეფაიშვილი:
დამრიგებლები მოსწავლეთა მეგობრები არიან. ჩვენ სკოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სწორედ დამრიგებლებს აქვთ. ისინი მოსწავლეებს სახლშიც აკითხავენ. გაკვეთილზე დასწრებას და დავალებებს სრულყოფილად ამოწმებენ. აღსანიშნავია, რომ დაბადების დღეებსაც კი ერთად აღნიშნავენ.
შრომისუბნის საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან ხომერიკი:
დამრიგებლებს უდიდესი როლი აკისრიათ. გვქონია შემთხვევა, როცა მოსწავლეს დამრიგებლისთვის უკითხავს რჩევა და არა - მშობლისთვის. შესაბამისად, მათ მიმართ დიდი ნდობა და მეგობრული დამოკიდებულება არსებობს. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ვიცით მათი დღის რეჟიმი და ნებისმიერი საკითხი, რაც მოსწავლეს ეხება.
ზანათის საჯარო სკოლა, დირექტორი ზურაბ უჩანეიშვილი:
კომპაქტურად დასახლებული სოფელი გვაქვს, სადაც ყველა ყველას იცნობს. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლის ოჯახში ვიზიტიც იგეგმება ხოლმე. მშობლები სკოლაშიც მოდიან. ურთიერთობა ორმხრივია და ყველა დამრიგებელი მოსწავლეების ცხოვრებაში ბოლომდე ჩართულია.
ბოლნისის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა ადამია:
დამრიგებლები ყველა მოსწავლის ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული არიან. საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან სპეციალური კონტაქტიც ხდება. ზოგადად, ყველა მშობელი მოდის სკოლაში და მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას იღებენ. პარალელურად, დამრიგებლები და მოსწავლეები მეგობრობენ, რაც მათ მიმართ ნდობას განაპირობებს.
მუღანლოს საჯარო სკოლა, დირექტორი შირვან ზეინალობივი:
თუ ბავშვი სკოლაში არ მოვიდა, კლასის დამრიგებელი აუცილებლად სახლში მიდის და მშობლებს ესაუბრება. ასევე, დამრიგებლები ყოველდღიურად აკვირდებიან იმ პროცესს, რომ მოსწავლე თავის დროზე მივიდეს სკოლაში და წავიდეს სახლში. შესაბამისად, დამრიგებლებსა და მოწაფეებს შორის მჭიდრო კონტაქტია, რაც მოსწავლეთა წარმატებასაც განაპირობებს.
სიონის საჯარო სკოლა, დირექტორი ჯუმბერ ბორჯოდაშვილი:
ჩვენთან მოსწავლე გზაზე ისევ ვერ გაივლის, რომ მასწავლებელმა არ დაინახოს. მუდმივ კონტაქტზე არიან დამრიგებლები მშობლებთან. მოსწავლის ცხოვრება როგორც სკოლაში, მის გარეთაც ცნობილია პედაგოგებისთვის, შესაბამისად, მშობლებისთვისაც.
ბარდუბნის საჯარო სკოლა, დირექტორი რამაზ ბარდაველიძე:
დამრიგებლები მოსწავლეთა ცხოვრებაში საკმარისად, შეიძლება ითქვას, იმაზე მეტადაც არიან ჩართულნი, ვიდრე ევალებათ. ეს გულისხმობს იმას, რომ მათ მოსწავლის ცხოვრება სკოლის გარეთ, სკოლაში, მისი ინტერესები და სხვა იციან. ასევე, მუდმივი კონტაქტი აქვთ მშობლებთან. სახლში ყოველდღიურად არ ეკონტაქტებიან მოსწავლის მშობლებს, თუმცა თუ პრობლემა არსებობს, ან კითხვები, ამ შემთხვევაში სახლშიც ურეკავენ.
რუსთავის N16 საჯარო სკოლა, დირექტორი ირინა მელქაძე:
დამრიგებელთა მოვალეობის შესახებ გაწერილი საკითხი არსებობს. შესაბამისად, მათ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ მოსწავლეების შესახებ. ჩვენ სკოლაში დამრიგებლები დილას მოწაფეებთან შეხვედრით იწყებენ. შემდეგ, აღირიცხება მოსწავლეთა რაოდენობა. გაცდენის შემთხვევაში, აუცილებლად უკავშირდებიან მშობელს და მიზეზს არკვევენ. ასევე, დამრიგებლები ჩართულები არიან მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების პროცესში და შესაბამისად, მათი სწავლის პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, ძალიან ხშირად ჩვენი მოსწავლეები ჩართულები არიან წრეებში, სასკოლო აქტივობების პროექტებში და ა.შ.
რუსთავის N17 საჯარო სკოლა, დირექტორი ნელი ლიქოკელი:
ძალიან ბევრი რეგულაცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით: დამრიგებელს მრავალი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აქვთ აღებული საკუთარ თავზე, ყოველ დილით თითოეულ მოსწავლეს სპეციალურ ჟურნალში აღრიცხავენ და გაცდენის შემთხვევაში მიზეზი სრულყოფილად ირკვევა. ასევე, მაქსიმალურად თანამშრომლობენ და ურთიერთობენ დამრიგებლები მშობლებთან, რომ ორივე მხარეს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს. კვირაში ერთი დღე მშობლებს ხვდებიან და დამატებით ცნობებს ცვლიან. შესაბამისად, თითოეული მოსწავლის ქცევითი თუ აკადემიური მოსწრების შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ მშობლებს.
რუსთავის N21 საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო გავაშელი:
დამრიგებლები მოსწავლეებს არამხოლოდ საგაკვეთილო პროცესის, არამედ, სკოლის შემდეგაც აკონტროლებენ. ასევე, მშობლებს უკავშირდებიან არამხოლოდ მაშინ, როცა მოსწავლე არღვევს სასწავლო წესებს, არამედ ხშირად, გადამოწმების და მშობლის მოტივაციის მიზნით. მათ მოსწავლეების მცირე წარმატებასაც ვაცნობთ, რათა უკეთესი კომუნიკაცია დამყარდეს სკოლასა და მშობელს შორის.
რუსთავის N20 საჯარო სკოლა, დირექტორი ირმა იჩქიტიძე:
დამრიგებლები საგაკვეთილო პროცესის შემდეგაც ჩართულნი არიან მოსწავლეების ცხოვრებაში. ეს იქნება სატელეფონო კავშირი, სოციალური ქსელი, არაფორმალური შეხვედრები, მშობელთა კრება თუ სხვა. ასე, რომ მშობლები მოსწავლეთა განვითარების შესახებ საქმის კურსში მუდმივად არიან.
რუსთავის N13 საჯარო სკოლა, დირექტორი ლელა ქურდაძე:
დამრიგებლები მშობლებთან მუდმივ კონტაქტში არიან და მათ მოსწავლეების აკადემიურ მოსწრების თუ ქცევის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ასევე, არამხოლოდ სკოლაში, მის გარეთაც მოწაფეების შესახებ დამრიგებლებს საჭირო ცნობები აქვთ, რის მიხედვითაც მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა-გამყარება მიმდინარეობს.
ღოუბნის საჯარო სკოლა, დირექტორი მარეხ გიორგაშვილი:
თუნდაც უხასიათობა რომ შეამჩნიონ მოსწავლეს, დამრიგებლები მშობლებს ეკონტაქტებიან. შესაბამისად, მუდმივი და მაღალი დონის კომუნიკაცია არსებობს. მცირე პრობლემაც კი არ გამოეპარებათ. მსგავსი არც არაფერი ყოფილა ჩვენთან.
ქაპანახჩის საჯარო სკოლა, დირექტორი ავთანდილ ეფენდევი:
დამრიგებლები მოსწავლეთა ცხოვრებაში მთლიანად არიან ჩართულნი. როგორც სწავლის პროცესში, ასევე გაკვეთილების შემდეგ მათი კომუნიკაცია არ წყდება. მშობლებმა შვილების შესახებ ყველაფერი იციან და პირიქით, დამრიგებლები მშობლებთან კონტაქტით დამატებით და საჭირო ინფორმაციას იღებენ მოწაფეთა საჭიროების შესახებ.