ოფრეთის საჯარო სკოლაში წაკითხული წიგნის პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა
30-10-2018
ოფრეთის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა წაკითხული წიგნის პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გამართეს.
საბაზო კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ჯ.კ. როულინგის სერიიდან წიგნი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“.
გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეებს აღნიშნული წიგნი ძალიან მოეწონათ და ფილმის ყურების სურვილიც გამოთქვეს, სკოლაში ფილმის ჩვენებაც გაიმართა.
ფილმის ჩვენების შემდეგ კი გაიმართა დისკუსია.
რეჟისორ კრის კოლუმბუსის მიერ გადაღებულმა ფილმმა მოსწავლეების მოწონება დაიმსახურა. მათ აღნიშნეს, რომ ფილმიც ისეთივე საინტერესოა, როგორც წიგნი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოფრეთის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი პერიოდულად იკრიბება. კლუბის წევრები წასაკითხად ირჩევენ ერთსა და იმავე წიგნს, რომელსაც ინდივიდუალურად კითხულობენ, შემდეგ კი პერიოდულად იკრიბებიან და წაკითხულს ერთობლივად განიხილავენ.
მკითხველთა კლუბი ხელს უწყობს მოსწავლეთა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას, სხვადასხვა დარგის წერილობითი მასალის კარგად გაგებას, საუბრებს და მსჯელობას წაკითხული წიგნის შესახებ.
ზემო აღნიშნული აქტივობების ხელმძღვანელია ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი, რომელიც მოსწავლეებს მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობებს ჰპირდება.