ჩემი თბილისის უბნები - თბილისის N6 საჯარო სკოლამ შემეცნებით-შემოქმედებით ღონისძიებას უმასპინძლა
31-10-2018
მზიანი დღე, ჟრიამული და სხვადასხვა კულტურით მდიდარი ხალხი, სწორედ ისეთი, როგორიც შეეფერება თბილისს - თბილისის N6 საჯარო სკოლაში დღეს მოსწავლეებმა დედაქალაქის თითოეული უბნის ისტორია და მრავალფეროვნების ხიბლი გააცოცხლეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მესამე-მეოთხე კლასების დამრიგებლებს ახალი პროექტის - „ჩემი თბილისის უბნების“ განხორციელების იდეა გაუჩნდათ - მათ მოსწავლეები კენჭისყრის გზით გუნდებად დაჰყვეს და თბილისის სხვადასხვა უბანში ექსკურსიაზე წაიყვანეს. 

პატარებმა უბნების ისტორია შეიმეცნეს, ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, ადგილობრივი მოსახლეობა გაიცნეს და მათთვის დამახასიათებელ ცხოვრების წესს დააკვირდნენ, დაგროვილი შთაბეჭდილებები კი სკოლაში ეტიუდების სახით გაუზიარეს სტუმრებს.

თეატრალურ, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს დამსწრე აუდიტორია ოვაციებით შეხვდა.

ღონისძიებას სკოლის ლიდერ დირექტორთან, თამარ აბაზაძესთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად მოწვეული სტუმარი, თბილისის N200 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე უჯმაჯურიძე ესწრებოდა, რომელმაც თბილისის N6 საჯარო სკოლას მორიგი ძალიან საინტერესო ღონისძიების წარმატებით დასრულება მიულოცა.

თამარ აბაზაძის შეფასებით, პროექტს შემეცნებით-შემოქმედებითი დატვირთვა ჰქონდა და რაც მთავარია, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში მშობლების აქტიურ ჩართულობას ისახავდა მიზნად:

„ექსკურსიებით ბავშვებმა დედაქალაქი უფრო ახლოს გაიცნეს, მისი ისტორია და კულტურა შეისისხლხორცეს და დღეს საინტერესო დადგმებით გაგვაცნეს თბილისის უბნები. მნიშვნელოვანია პროექტის შემეცნებით-შემოქმედებითი დატვირთვა და რაც მთავარია, ბავშვების სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიური ჩართულობა. ჩვენი სკოლა მრავალ ღონისძიებას აწყობს მშობლების თანამონაწილეობით და აქტიურადაა ჩართული Izrune.ge-ში, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებულ და ბედნიერ მომავალს ემსახურება.“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203