ჩხორიის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
31-10-2018
„ვიცხოვროთ მწვანე და ჯანსაღ გარემოში“ - ამ დევიზით ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ნიკეს“ მოსწავლეთა ინიციატივით ღონისძიება მოეწყო (ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი: მაია არახამია).
პროექტის ფარგლებში მომზადდა პრეზენტაციები გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე: „დაბინძურებულ გარემოში ჯანსაღი საკვები არ მოიპოვება,“, „უნდა გავუფრთხილდეთ მცენარეებს, რომ ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“და „ნარჩენები მოვათავსოთ ნაგვის ურნაში“.
მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დევიზით: „პოლიეთილენის პარკები ბუნების მტერია“, ასევე მოაწყვეს სკოლის ყვავილნარი, გაანოყიერეს მიწა.
პროექტის განსახორციელებლად სკოლას ასოციაცია „ათინათი“ დაეხმარა.
„მათ გამოგვიყვეს შრომის იარაღები, ფერადი საღებავები, ფუნჯები, დეკორატიული ქვები. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა გვერდით მუშაობდა სოფლის რწმუნებული ბესიკ ფიფია, სკოლის დირექცია, მასწავლებლები და აქტიური მშობლებიც“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროექტისთვის მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები, პლაკატები, მოეწყო სლოგანების კონკურსი თემაზე „ჩვენი მწვანე პლანეტა ჩვენი სახლია“.
სკოლის წარმომადგენელის თქმით, საბოლოოდ, ბავშვებს ჩამოუყალიბდათ პოზიტიური დამოკიდებულება გარემოს მიმართ და ისინი მომავალშიც იზრუნებენ მასზე.