„პროფესიული განათლება შრომის ბაზრის უმნიშვნელოვანეს ადამიანურ კაპიტალს ქმნის“ - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
05-11-2018

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდთან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან, მაგდა მაღრაძესთან ერთად ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ,,ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კონფერენციაზე, რომელიც პროფესიული განათლების კვირეულის ნაწილს წარმოადგენს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ხორციელდება, მინისტრმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების კვირეული ის პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავიზიაროთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და მიღწევები პროფესიულ განათლებაში, გავიცნოთ არსებული სიახლეები, ახალი პროგრამები, და ასევე, შევაფასოთ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში საზოგადოება იმ ახალ პროგრამებს გაეცნობა, რომელიც საქართველოს მთავრობის, ბიზნესის და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ეს პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად დაიგეგმა და მათი არსებობა საქართველოში წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა მინისტრმა.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმაც. მან საქართველოს პარლამენტის სახელით პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მზაობა გამოხატა.

„ჩვენ ვიზიარებთ იმ პრაქტიკას და გამოცდილებას, რომ პროფესიული განათლება ქმნის განათლების სექტორის და შრომის ბაზრის უმნიშვნელოვანეს ადამიანურ კაპიტალს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის ორი მესამედის შემქმნელია...

ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შემოდის პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონით, გახლავთ ე. წ. საკანონმდებლო ჩიხის აღმოფხვრა. 2019 წლის გაზაფხულიდან მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება, აირჩიონ ინტეგრირებული პროგრამა და კოლეჯის დასრულების შემდგომ მიიღონ ზოგადი განათლების ანუ სკოლის ატესტატი. და მეორეც, ეკონომიკური საქმიანობებიდან შემოსული შემოსავლის რეინვესტირების საშუალება ეძლევათ კოლეჯებს, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე და ქმნის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პროფესიული განათლების კვირეული 9 ნოემბერს დასრულდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203