თბილისის N131 საჯარო სკოლაში ელექტროსადენებს ცეცხლი მოეკიდა - დაწესებულებიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა
13-11-2018

თბილისის N131 საჯარო სკოლაში ელექტროსადენებს ცეცხლი მოეკიდა, ბავშვების უსაფრთხოების მიზნით კი მათი ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც სკოლის დირექტორი ხათუნა ენუქიძე Etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სკოლაში აფეთქება მოხდა. მისი განმარტებით, დაკვამლიანება მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა აღნიშნულის შედეგად სკოლაში არავინ დაზარალებულა.

„არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, აფეთქება იყო, მოკლე ჩართვა მოხდა. ელექტროსადენებს მოეკიდა ცეცხლი და ბავშვების უსაფრთხოების მიზნით მათი ევაკუაცია მოვახდინეთ. სანამ სახანძრო მოვიდა, ცეცხლმაქრების საშუალებით თავადვე ჩავაქრეთ ცეცხლი. მოკლე ჩართვა სკოლის პირველ სართულზე დენის გამანაწილებელთან მოხდა. პირველ სართულიდან არის სპორტდარბაზში გასასვლელი, სადაც პირველი და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილი ჰქონდათ. სასწავლო პროცესი შეწყდა და ბავშვები უსაფრთხოების მიზნით სახლში გავუშვით",-განაცხადა ხათუნა ენუქიძემ და აღნიშნა, რომ სწავლა ხვალ დილიდან აღდგება.

"ბრიგადამ უკვე დაიწყო ელექტროენერგიის მოსაწესრიგებელი სამუშაოები. სასწავლო პროცესი კი უქმე დღეების ხარჯზე აღდგება“, - გვითხრა ხათუნა ენუქიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203