ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი „მომავალი ჩვენია“ მრავალ პროექტს ახორციელებს
14-11-2018
ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში შექმნილია სამოქალაქო კლუბი „მომავალი ჩვენია“, სადაც IX-XII კლასების მოსწავლეები არიან გაწევრიანებული.
კლუბს, რომელსაც ჰყავს ლიდერი და აქვს წესდება, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კახაბერ შონია ხელმძღვანელობს.
კლუბმა სხვადასხვა აქტივობა უკვე ჩაატარა. მათ შორის ძველი წიგნების რესტავრაცია განახორციელა. ამჟამად პროექტი „ჩვენ გვიყვარს წიგნები“ მიმდინარეობს.
აღნიშნულის მიზანია მოსწავლეებში წიგნის კითხვის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და ბიბლიოთეკის მოწყობა, რათა მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკით ისარგებლონ.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში სკოლას ბიბლიოთეკა და სამკითხველო ექნება, რომელსაც მოსწავლეები, მასწავლებლები და თემის წარმომადგენლები გამოიყენებენ. პროექტის განხორციელება ხელს წიგნებსა და ონლაინ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს.
კლუბის ინფორმაციით, გასატარებელი ღონისძიებები შემდეგს მოიცავს: ბიბლიოთეკის ოთახის შერჩევა, კოსმეტიკური სამუშაოს შესრულება, ინტერნეტით აღჭურვა და ინვენტარის (კარადის, მაგიდის) შეძენა და შეხვედრების მოწყობა სპეციალისტებთან და გამოცდილების გაზიარება. პროექტის ფარგლებში სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდება, რომლისთვისაც 8 მონაწილე გუნდი შეიქმნება, სადაც ყველა მოსწავლე გაერთიანდება. მათ მიეცემათ რამდენიმე ტიპის დავალება: არჩეული ნაწარმოებიდან მონაკვეთების ამოღება, კითხვაზე პასუხი, გუნდის კაპიტნებისთვის მოცემულ ტექსტში მხატვრული ხერხების ამოცნობა. სულ 5 ტური იქნება. მეხუთე ტურის დასრულების შემდეგ ქულები დაჯამდება. პირველ ადგილზე გასული გუნდი ბუს, როგორც ინტელექტისა და სიბრძნის სიმბოლოს ქანდაკებით დაჯილდოვდება. დანარჩენ გუნდებს სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ. ფინალური თამაში სამოქალაქო კლუბის ოთახში გაიმართება. მასწავლებლები კითხვებს თითოეული ტურისთვის ამზადებენ და ასევე - ჟიურისთვის სწორი პასუხის ფურცლებს. დასასრულს, ცოდნის შესამოწმებლად და პროექტის წარმატების თუ წარუმატებლობის დასადგენად მოსწავლეები და მშობლები კითხვარს შეავსებენ.