რა შეღავათებით სარგებლობენ საჯარო სკოლების მასწავლებლები?!
23-11-2018

აქვთ თუ არა საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეღავათები სახელმწიფოს მხრიდან და კონკრეტულად რა ტიპის უპირატესობები აქვთ პედაგოგებს? - აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად Etaloni.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.

როგორც უწყებაში გვიპასუხეს, საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლების შეღავათებს შორისაა ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრანსპორტით სარგებლობაზე შეღავათები, დანამატი მაღალმთიან სოფლებში მომუშავე მასწავლებლებისთვის და სხვა.

Etaloni.ge გთავაზობთ საჯარო სკოლების მასწავლებლების შეღავათების შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას:

„საჯარო სკოლის მასწავლებლები არიან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ბენეფიციარები, შესაბამისად, მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სადაზღვევო პროგრამის მომსახურება, არსებული პირობების შესაბამისად. 

ტრანსპორტირებით სარგებლობაზე შეღავათები  -  ზოგიერთ რაიონში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხებით უზრუნველყოფენ მასწავლებელთა უფასო ტრანსპორტირებას.

მასწავლებლის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურება  -  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმებულს/საჯარო მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე. 

მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. 

დასაქმებულს/საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, განსაზღვრულია 142 ლარის ოდენობით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს უფლება აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია -  6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია, მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.

შვებულების ვადები -  საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების თანახმად, მასწავლებლის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობიდან 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით მასწავლებელს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც. მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება, მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შრომით ხელშეკრულებაში. განსხვავებული ვადა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით. მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღისა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203