ნატახტრის საჯარო სკოლაში პროექტი - „ილია ჭავჭავაძე ჩემს რეგიონში“ განხორციელდა
20-11-2018
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნატახტრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი - „ილია ჭავჭავაძე ჩემს რეგიონში“ განხორციელდა. პროექტში VII და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე გულაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის შემოქმედების სიღრმისეული შესწავლა, ილიას ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ლიტერატურული, მემორიალური და ისტორიული მასალების გაცნობა, მუზეუმში მოქცევის წესების დაუფლება და მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო და ინფორმაციის დამუშავებისა და გამოყენების უნარების განვითარება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა დაათვალიერეს დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და დუშეთის სასამართლოს ყოფილი შენობა, სადაც ილია ჭავჭავაზე მოსამართლედ მუშაობდა. VII და IX კლასის მოსწავლეებმა დუშეთში ასევე სახლი მოინახულეს, რომელშიც ილია ცხოვრობდა. მათ ასევე ნახეს ბაზალეთის ტბა და ილია ჭავჭავაძის ძეგლი წიწამურში, იმყოფებოდნენ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯში, ექსკურსია კი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დათვალიერებით დააგვირგვინეს.
აღსანიშნავია, რომ დუშეთის სასამართლოს შენობასთან მოსწავლეებმა ნაგებობის სავალალო მდგომარეობის გამო პროტესტი გამოხატეს. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფი მუზეუმში კი IX კლასის მოსწავლეებმა გიდის ფუნქცია შეითავსეს.
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს სხვადასხვა ნომინაციაში მადლობის სიგელები გადაეცათ. იხილეთ ფოტოები