მარნეულის N1 საჯარო სკოლა გაქურდეს
21-11-2018
მარნეულის N1 საჯარო სკოლა გაქურდეს - ინფორმაცია Etaloni.ge-ს სკოლის დირექტორმა ქეთევან მერაბიშვილმა დაუდასტურა. 

მისი თქმით, შემთხვევა მიმდინარე წლის ნოემბერის თვეში მოხდა.

„მარნეულის N1 საჯარო სკოლა სამშენებლო სამუშაოების გამო, უკვე მესამე წელია სასწავლო პროცესს N8 საჯარო სკოლის მეორე ცვლაში გადის. შემთხვევა სწორედ აქ მოხდა. ჩემი კაბინეტიდან წაღებულია 1 ლეპტოპი, 1 მობილური, 1 დეტექტორი, 2 კომპიუტერი და 2 პროექტორი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეჭვმიტანილი 4 არასრულწლოვანია, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან. ამოღებულია ტექნიკაც“,-განაცხადა ქეთევან მერაბიშვილმა.

მარნეულის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ცნობითვე, დაკავებულები სკოლის მოსწავლეები არ არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

„ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის ერთ-ერთი საჯარო სკოლის გაქურდვის ფაქტზე, 4 პირი: 2001 წელს დაბადებული რ.მ., 2001 წელს დაბადებული ე.ჰ., 2002 წელს დაბადებული ს.ქ. და 1994 წელს დაბადებული რ.ა. ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მარნეულის N8 საჯარო სკოლიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203