ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი-მუზეუმი მოაწყვეს
22-11-2018
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, საგანის -„მე და საზოგადოება“ მასწავლებლის ფატმან კლდიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჩვენ მივდივართ მუზეუმში“ განახორციელეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ რისი სწავლა შეიძლება არასაგაკვეთილო აქტივობების შედეგად და მშობლიური კულტურის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება გამოევლინათ.
მოსწავლეებმა ასევე დაგეგმეს პროექტი - „მინი-მუზეუმი სკოლაში“ და ზედა სიმონეთში მდებარე დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმის დათვალიერება და მათი ბიოგრაფიის და შემოქმედების შესწავლა გადაწყვიტეს.
სკოლის აღსაზრდელებმა მშობლებთან სახლ-მუზეუმი მოინახულეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე პედაგოგის ხელმძღვანელობით მუზეუმში გაკვეთილი ჩაატარეს, რომლის თემა იყო სერგო კლდიაშვილის „აზნაურ ლახუნდარელის თავგადასავალი“. გაკეთილის შემდეგ კი სახლმუზეუმის ეზოში მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ითმაშეს და იმხიარულეს.
ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები დაწერეს, ექსკურსიაზე გადაღებული ფოტოები დაბეჭდეს და კედლის გაზეთი გამოუშვეს. ასევე დახატეს თავიანთი თვალით დანახული სახლ-მუზეუმი, ეზო, მუზეუმში ნანახი ნივთები და სკოლაში გამოფენა მოაწყვეს. თანატოლებს დავითისა და სერგო კლდიაშვილების ბიოგრაფია და შემოქმედება გააცნეს, შემდეგ კი წინასწარ შედგენილი სცენარით -„აზნაურ ლახუნდარელის თავგადასავალი“ გაითამაშეს.