ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტექნოპარკსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
22-11-2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლეილა მჭედლიძემ (მე-5 კლასის დამრიგებელი) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ხათუნა ასანიძემ მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად თბილისის ტექნოპარკში და ეთოგრაფიულ მუზეუმი ექსკურსია მოაწყვეს.
აღნიშნული აქტივობის მიზანი მე-5 კლასში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სიღრმისეული შესწავლა, მოსწავლეებში ციფრული ტექნოლოგიების კულტურის დამკვიდრება და 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარება გახლდათ.
სწორედ ამისთვის ტექნოპარკში უნიკალური სივრცეა, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს დახმარებას უწევს, რათა პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და ამ კუთხით ცოდნა გაიღრმავონ.
საინფორმაციო ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა ისეთი კომპიუტერებით აღჭურვილი ლაბორატორია ნახეს, რომელიც ინოვატორებს შესაძლებლობას აძლევს, ტექნიკურად გამართული, ხარისხიანი პროტოტიპები დაამზადონ.
ასევე მათ წარმატებულმა პედაგოგებმა საერთაშორისო სტანდარტების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში უმასპინძლეს, სადაც მოსწავლეები ორ ჯგუფად გაიყვნენ. მოწაფეებს სახალისო ელექტროობისა და რობოტების პროგრამირებასთან დაკავშირებით ვორქშოფებიც ჩაუტარდათ.
მოსწავლეებმა კონკრეტული ნივთები თავადაც შექმნეს, ეს ყველაფერი კი მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
სკოლის დირექციის ცნობით, მოსწავლებისთვის ასევე შთამბეჭდავი იყო ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობა.