ქუთაისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
22-11-2018

ქუთაისში, რვა საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქუთაისის საჯარო სკოლებში (N5, N10, N13, N17, N30, N32, N33 და N36) მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე, პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმსარულებელი გუნდი გაეცნო.

როგორც ქუთაისის N30 საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხეილ გიორგაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა: „სკოლაში შიდა სამუშაოები თითქმის დასრულდა. მთავრდება კედლების შეღებვა და ლამინატის დაგება. უკვე დაგებულია მეტლახი. ახლა მიმდინარეობს სკოლის აღჭურვა, ინვენტარის ნაწილი უკვე მოგვივიდა. მიმინდარეობს გარე ფასადის რეაბილიტაცია. როგორც მშენებლები გვეუბნებიან, სკოლის რეაბილიტაცია ამ წლის ბოლოს დასრულდება. გარემონტებულ სკოლაში კი მოსწავლეები სავარაუდოდ ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებენ სწავლას“.

სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორმა, მარინა ისაკაკოვამაც: „პროექტის მიხედვით, სკოლის შიდა ინტერიერის მოწყობა უკვე დასრულებულია. ახლა სკლაში გაყავთ წყლისა და გათბობის მილები. ასევე მიმდინაროებს გარე ფასადის სარემონტო სამუშაოები.  სკოლის რეაბილიტაციისთვის ბოლო ვადა თებერვალია, ამ დროს უკვე უნდა დასრულდეს სარემონტო სამუშაოები. მარტში სავარაუდოდ სასკოლო ინვენტარს შემოიტანენ და მოეწყობა სკოლის გარე ინტერიერი, მოედანი, ეზო და ა.შ. შესაბამისად გარემონტებულ სკოლა მოსწავლეების მიღებას, ალბათ მომავალი სასწავლო წლიდან შეძლებს“.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება. შედეგად, სასწავლო გარემო 15 200 მოსწავლისათვის გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ დოლარს შეადგენს.

დღემდე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 58 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ ჯამში საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. პროექტის შედეგად, 35 ათასზე მეტ მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და გაიზრდება ხელმისაწვდომობა ზოგად განათლებაზე.  აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია 54 მილიონი დოლარით, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტია.

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი დღეისათვის საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203