ზესტაფონის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლაში მისულ სტუმარს აუცილებლად მოხვდება თვალში ფერადი, სკოლისთვის უჩვეულო სკვერი, სადაც 50 მდე სახეობის ყვავილი და მცენარე ხარობს.
2015 წლიდან, ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის ეზო, მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის საყვარელ გარემოდ იქცა. რომლის გალამაზებასა და დასუფთავებაზე ყოველდღიურად დიდი მონდომებით ზრუნავს თითოეული მათგანი.
Etaloni.ge იდეის ავტორს, ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის დირექტორს გოჩა ღონღაძეს გაესაუბრა.
„ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ბავშვებისთვის ჩვენი სკოლის ეზო, ერთ-ერთ საყვარელ და გამორჩეულ ადგილად იქცა. სკოლის დირექტორად 2014 წელს ამირჩიეს, და ფაქტიურად იქიდანვე დავიწყე ამ იდეის განხორციელება. 2015 წელს სკოლის მეეზოვის დახმარებით გავაკეთეთ ლამაზი, სუფთა, ფერადი გარემო. სადაც 50 მდე სახეობის ყვავილი წელიწადის სხვადასხვა პერიოდში ყვავილობს და ამდენად, სკოლის სკვერი ყოველთვის ძალიან ლამაზი და ფერადია".
გოჩა ღონღაძემ იდეის მთავარ მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლის მასწავლებლებთან ერთად ბავშვები და მშობლებიც ცდილობენ სკვერის მოვლას, გარემოს ახალი ლამაზი ყვავილებით გამდიდრებას. სკოლის ეზოში ტარდება შემოქმედებითი საღამოები და ლიტერატურული შეხვედრები.
„მთავარი მიზანი, რაც დავისახეთ, მალევე იქნა მიღწეული. გვინდა ბავშვებს უყვარდეს ბუნება, გარემო. დღეს თითოეული სკოლის მოსწავლე ცდილობს თავადაც შეიტანოს წვლილი სკოლის ეზოს გალამაზებაში. ასუფთავებენ, ცდილობენ ახალი და განსხვავებული ყვავილები გაახარონ. შესვენებებზე ძალიან ლამაზ გარემოში ატარებენ ისინი დროს. ვცდილობთ შინაარსიანად ავითვისოთ ეს სივრცე. სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურის წრე, რომლის ფარგლებში, გაზაფხულის თბილ ამინდებში ჩვენს სკვერში ხშირად ვატარებთ ლიტერატურულ შეხვედრებს. ხორციელდება გასვლითი ხასიათის გაკვეთილები, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის მიერ".
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა ეკოლოგიურ პროექტში სკოლის მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენი სკოლა ცოტა ხნის წინ მონაწილეობდა პროექტში - ეკო ლოგიკა , სადაც ჭიათურისა და ზესტაფონის დაახლოებით 55 მდე სკოლა იყო ჩართული. პროექტში პირველი ადგილი დავიკავეთ და ფულადი ჯილდოს სახით 5000 ლარი მოვიპოვეთ, რომლითაც გაზაფხულზე დიდი სკვერის გაკეთებას ვგეგმავთ. ძირითადად აქცენტს მარადმწვანე მცენარეებზე გავაკეთებთ და მთელი წლის განმავლობაში გვექნება მეტად ლამაზი გარემო, სადაც იქნება სცენა ღონისძიებებისთვის . მახარებს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ კონკურსზე წარმატება სწორედ დაგროვილმა გამოცდილებამაც მოგვიტანა, რომელიც ჩვენი პატარა სკვერის გაკეთებითა და მოვლით გვქონდა მიღებული“
გოჩა ღონღაძის თქმით, ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა აქტიურად ეხმაურება სხვადასხვა ეკოლოგიურ პროექტებს, სკოლის მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ დასუფთავების აქციებში და სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც გარემოს მოვლასა და დასუფთავებას ეხება. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები კიდევ უფრო მეტად სწავლობენ , ბუნების მოვლას და სიყვარულს.
იხილეთ ფოტოები