გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
26-11-2018
აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლამ სოფელ დიდ ჯიხაიშში მოაწყო ექსკურსია, სადაც მოსწავლეებმა ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.
ექსკურსია სკოლის დირექციისა და მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ტექნოლოგიების კათედრის თავჯდომარე იზაბელა გაბუნიას თაოსნობით მოეწყო. ექსკურსიაში მონაწილეობდნენ VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი ნათელა კიკაბიძე, დამრიგებლები: იზაბელა გაბუნია, ქეთევან ვეკუა, სპორტის მასწავლებელი რამინ კორძახია, გეოგრაფიის მასწავლებელი მაია ხომერიკი და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი თეა ფირცხალავა.
ექსკურსიის მიზანი იყო ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალების გაცნობა. ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს ფოტოსტენდი, სადაც გამოფინეს მუზეუმში გადაღებული სურათები და თავიანთი შთაბეჭდილებები:
გიორგი ქამადაძე (VII კლასის მოსწავლე): „მუზეუმი საინტერესოა არამარტო იქ დაცული ექსპონატებით, არამედ ულამაზესი ეზოთი, სადაც გაშენებულია უამრავი სხვადასხვა ჯიშის ხე. ეს დღე მუდამ მემახსოვრება“. იზოლდა ბოკერია (IX კლასის მოსწავლე): „ნიკო ნიკოლაძე მათემატიკური ტერმინების შემქმნელი, რკინიგზის გაყვანის ორგანიზატორი, ფოთის აღმშენებელია. ეს მცირე ჩამონათვალია ამ დიდი ღვაწლმოსილი ადამიანის ნამოღვაწარიდან. ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი საჩუქარი იყო“.
პავლე ორობინსკი (IX კლასის მოსწავლე): „საგამოფენო დარბაზში მომეწონა ნიკო ნიკოლაძის მიერ ევროპიდან ჩამოტანილი ავეჯი და ჭურჭელი და გიორგი ნიკოლაძის მიერ გამოყენებული მთამსვლელის იარაღი, ეს დღე წარუშლელ შთაბეჭდილებად დამრჩა“.