საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს თუ არა მოსწავლეს გადაბარების საშუალება - დირექტორების პასუხები
სკოლის საატესტატო გამოცდებში (CAT) ჩაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლეს გადაბარების საშუალება მიეცეს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა და აღნიშნა, რომ 2020 წლიდან ფუნდამენტური ცვლილება მოხდება როგორც საატესტატო, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
როგორ აფასებენ ამ ინიციატივას სკოლების დირექტორები?
Etaloni.ge თემაზე სასაუბროდ მათ დაუკავშირდა.
ინაშარიძეების საჯარო სკოლა, მანანა ანანიძე:ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია. მოსწავლეებს შანსი უნდა მიეცეთ. ამით ისინი მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ. ამავდროულად, ერთ წელს არ დაკარგავენ. ვისურვებდი, რომ ეს ინიციატივა განხორციელდეს.
სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლა, ქეთევან ობოლაშვილი:ინიციატივას 100%-ით ვეთანხმები. მოსწავლეებს ემოციებისა და განცდების ფონზე მიღებული შედეგების გამოსწორება უნდა შეეძლოთ. შანსი უნდა მიეცეთ, რომ მათ ტესტები უფრო მშვიდად დაწერონ. ეს აუცილებელიც კია და მარიამ ჯაშს მადლობა, თუ ამ ინიციატივას განახორციელებს.
ფცის საჯარო სკოლა, დირექტორი გელა ქოთოლაშვილი:ინიციატივას მივესალმები, ოღონდ ალბათ დარეგულირებული უნდა იყოს. მაგალითად, მოსწავლე ორ და სამ საგანში თუ იჭრება, იმას განმეორებითი გამოცდა წესით არ სჭირდება. წინააღმდეგი არ ვარ, რა თქმა უნდა, თუმცა ალბათ გარკვეული სტანდარტები დასჭირდება.
ზუგდიდის N12 საჯარო სკოლა, დირექტორი ხათუნა სახარია:
გადასარევი ინიციატივაა. ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, რომ ბავშვს, რომელიც ემოციური ფონის გამო ჩაიჭრა, შანსი კიდევ უნდა მიეცეს. ბავშვებისთვის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრა ძალიან მტკინვეულია. შესაბამისად ინიციატივა მხოლოდ მისასალმებელია.
სართიჭალის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ირინა მაისურაძე:ძალიან კარგი ინიციატივაა, რომელიც მოსწავლეებისთვის ხელშეწყობა იქნება. არის შემთხვევები, როცა ისეთი ბავშვები ვერ ლახავენ ბარიერს, რომლებზეც დიდი იმედები მყარდება. ამის მიზეზი ძლიერი ემოციური ფონია. სწორედ ამგვარი ბავშვებისთვის შანსის მიცემა ძალიან კარგია.