სენაკის N1 საჯარო სკოლაში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემა იყო - „ვინ არის ნამდვილი პატრიოტი?“, „პიროვნების როლი ისტორიაში“.
კონფერენციაში ისტორიის წრის - „ეგრისი 2018“-ის წევრი X და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. წრის ხელმძღვანელი ნესტან გოგოხიაა. სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას საკონფერენციო ნაშრომები წარუდგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნორჩმა ისტორიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს ისტორიაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებსა და ფაქტებზე, რისთვისაც გაეცნენ ქართველ და უცხოელ ავტორთა წერილობით წყაროებს, ახალ იტორიულ-მხატვრულ ლიტერატურას და ინტერნეტში განთავსებულ მასალებს. გააშუქეს ქართველი და სხვა ხალხების ისტორიის საკვანძო საკითხები, მკაფიოდ ჩამოაყალიბეს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია ქვეყნის განვითარებისა და მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში ჩვენი ხალხის ღირსეული ადგილის შესახებ. მოსწავლეების ნაშრომებს ახლდა თვალსაჩინოებაც.
„საკონფერენციო ნაშრომი წარმოაჩენს მოსწავლის არგუმენტაციის, ანალიზისა და სინთეზის უნარს, ასევე პრობლემის ხედვისა და შეფასების შესაძლებლობებს. საკონფერენციო ნაშრომის ფორმატი გულისხმობს მოსწავლის მიერ თემის შერჩევას, ხელმძღვანელთან კონსულტირებასა და დამოუკიდებელ მუშაობას, ნაშრომის ირგვლივ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და კრიტიკულ ანალიზს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები