საღოლაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაწერი წიგნები დაამზადეს
29-11-2018
ქარელის მუნიციპალიტეტის, საღოლაშენის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩემი ხელნაწერი წიგნი“ განახორციელეს.
პროექტის ინიციატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბელა ედილაშვილია.
ბელა ედილაშვილის თქმით, პროექტის მიზანია დააინტერესოს მოზარდები წიგნით და ჩამოუყალიბოს კითხვის უნარ-ჩვევა, განუვითაროს შემოქმედებითი აზროვნება, აუმაღლოს მოტივაცია და სახალისო გახადოს სასწავლო პროცესი.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს და გააფორმეს წიგნის ყდები, შიდა ფურცლები კი ტექსტებით შეავსეს, გამოიყენეს, მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული ანბანური დამწერლობა. პროექტის პრეზენტაციისას მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წიგნების ბეჭდვის განვითარება საზოგადოების ცხოვრებაში. პრეზენტაციას მსჯელობა მოჰყვა, მოსწავლეებმა საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს.
„სასკოლო პროექტი „ჩემი ხელნაწერი წიგნი“ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, მოსწავლეების წიგნით დაინტერესების საქმეში. მსგავსი პროექტები კვლავ გაგრძელდება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.