შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წელს გამოცდები ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩაატარა.
ზაფხულის საგამოცდო პროცესში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ აბიტურიენტები, არამედ მაგისტრობის მსურველები, სტუდენტები, რომლებიც საგრანტო კონკურსში მონაწილეობდნენ, პედაგოგები, რომლებიც საგნობრივ გამოცდებს აბარებდენენ და პედაგოგობის მსურველი აპლიკანტები.
ახალი ფორმატი გამოცდების ნახევრად ელექტრონული სახით ჩაბარებას გულისხმობს.
კომპიუტერის საშუალებით საგამოცდო საკითხები ელექტრონული სახით იქნა მიწოდებული, ხოლო პასუხები როგორც აქამდე იყო, აპლიკანტებმა სპეციალურ ფურცელზე შეიტანეს.
ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი არის ნაბიჯი ელექტრონული ფორმატის დანერგვის გზაზე. ახალი ფორმატის ტესტები უსაფრთხოების მხრივ სრულიად დაცულია. პროგრამა საგამოცდო კომპიუტერებში იწერება და ინტერნეტზე არ არის დამოკიდებული. ინტერნეტი მხოლოდ ჩართვის პროცესშია საჭირო. შემდეგ კი ავტომატურად აგრძელებს მუშაობას.
ახალ ფორმატზე გადასვლამ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გამოიწვია.
ზუგდიდის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელი იზა ჩიქობავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გამოცდების ჩაბარების ნახევრად ელექტრონული ფორმატით საკმაოდ კმაყოფილია. მან პროფესიული უნარების გამოცდა 2012 წელს ჩააბარა. საგნის გამოცდა კი 2016 წელს ახალი ფორმატით : „მასწავლებლები ორ, პროფესიული უნარების და საგნის გამოცდას ვაბარებთ. ჩემთვის გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელი კომპიუტერთან მუშაობა იყო. არ მიწევდა ქაღალდების ფურცვლა. ძალიან პრაქტიკული იყო ტესტების ელექტრონული ვარიანტი.“
ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნონა ლიპარტია ანალოგიურად დადებითად აფასებს ახალ სისტემას: „სანამ გამოცდაზე გავიდოდი, ვღელავდი. ვფიქრობდი, რომ კომპიუტერთან მუშაობა დამღლელი იქნებოდა. თუმცა, პირიქით აღმოჩნდა. გამოცდაზე, კომპიუტერთან მუშოაბის დროს, არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია. სიახლით ძალიან კმაყოფილი ვარ “.
თუმცა ახალი ფორმატით გამოცდების ჩაბარება ყველასთვის ერთნაირად კომფურტული და მისაღები არ აღმოჩნდა.
აბიტურინეტები აღნიშნავენ, რომ კომპიუტერთან მუშაობა მათთვის დამღლელი იყო.
ანა თორია – ზუგდიდის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე - „დაძაბული ვიჯექი კომპიუტერთან, თვალები ამტკივდა. 3 საათი კომპიუტერთან ჯდომა არ არის მარტივი.“
ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის მოსწავლე კახა ეხვაია - „ჩემთვის რთული არ იყო გამოცდების ასეთი სახით ჩაბარება. მაგრამ მაინც ვამჯობინებდი, რომ გამოცდა უწინდელი მეთოდით ჩატარებულიყო.“
გამოცდების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ახალი ფორმატის დანერგვაზე მუშაობას. 2017 წლისთვის პასუხების გაცემაც ელექრტონულ ფორმატში იგეგმება. ამ შემთხვევაში გამოცდის შედეგი მომენტალურად გახდება ცნობილი.