შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დამატებით განმარტებას აკეთებს
06-12-2018

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

სოფო გორგოძის თქმით, ყველა ცვლილება, რომელიც საგამოცდო სისტემას შეეხება, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება და გადაწყვეტილების მიღებისთანავე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. 

„ჩვენი სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, მათ შორის არის არსებული სისტემის კვლევა და ანალიზი. პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლები - ყველა დაინტერესებული მხარე. არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა და სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კონკრეტული სიახლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გავრცელდება ოფიციალური საშუალებებით. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება",-აცხადებს სოფო გორგოძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კარდინალური სიახლეები არ იქნება. რაც შეეხება ტესტის ფორმატს, ცვლილება მხოლოდ ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) ეხება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცენტრმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა.

​შეგახსენებთ, etaloni.ge-სთან საუბრისას სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, აბიტურიენტები სიახლეებს აღარ უნდა ელოდონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203