კეხიჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „იყავი სწრაფი გადაარჩინე სიცოცხლე“ განახორციელეს
06-12-2018
ქარელის მუნიციპალიტეტის, კეხიჯვარის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა პროგრამა - „მომავლის თაობის“ ფარგლებში პროექტი - „იყავი სწრაფი გადაარჩინე სიცოცხლე“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანია მოსწავლეებში პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება.
მოსწავლეებმა კლასში თემაზე - თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ სხვას პირველადი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, კვლევა ჩაატარეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღმოჩნდა რომ მოსწავლეებმა არ იციან თუ როგორ გაუწიონ დახმარება დაზარალებულს.
ამის შემდეგ მეათეკლასელებმა საინტერესო აქტივობები დაგეგმეს და განახორციელეს. ესტუმრნენ ექიმ ლეილა სიქტურაშვილს, რომელიც მოსწავლეებს პირველადი დახმარების შესახებ ესაუბრა, მათ შორის თუ როგორ უნდა მოიქცნენ - მაღალი წნევის დროს, დამწვრობისას, მაღალი სიცხის, მწერების ნაკბენისა და მოტეხილობის დროს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია და კედლის გაზეთი და ბროშურები დაამზადეს.
პროექტის ბოლოს კი მოსწავლეებმა პროექტი შეაჯამეს და პრეზენტაცია ჩაატარეს.