„მწვანე ბიზნესი“ - სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ საინტერესო აქტივობა გაიმართა
06-12-2018
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ საინტერესო და სახალისო აქტივობა - „მწვანე ბიზნესი“ გაიმართა. აღნიშნული გუნდ „მწვანე სიცოცხლის“ წევრებთან ამავე გუნდის წევრ გიორგი ფარულავას მშობელმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა რუსუდან კვარაცხელიამ წარადგინა.
შეხვედრის მიზანი „მწვანე ბიზნესის“ არსისა და მნიშვნელობის გაცნობა იყო. მათ „მწვანე ეკონომიკის“ მიმართულებები, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები, მზის ენერგიის ეფექტიანი გამოყენების გზები, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტის არსი და მათი სერტიფიცირების საკითხები განიხილეს. შესაბამისად, მომავალში მოსწავლეებს შეუძლიათ პროდუქტის ეტიკეტის დათვალიერებით ეკოლოგიურად უსაფრთხო და საფრთხის შემცველი პროდუქტები განასხვავონ; ცალკეულ საკითხებზე დამატებითი მასალები მოიძიონ და პრეზენტაციები მოამზადონ; ცოდნა უმცროსკლასელებს გაუზიარონ. რაც მთავარია, მათ შეუძლიათ უფროსებს ეკოლოგიურად ჯანსაღი ბიზნესის დასაწყებად რჩევები მისცენ, „მწვანე“ სამუშაო ადგილების შექმნაში წვლილი შეიტანონ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობას და დედამიწის ეკო პოტენციალს აცნობიერებენ, თანამედროვე, გლობალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს იაზრებენ, თანამედროვე ტექნოლოგიებს ეცნობიან, მომავლის ტექნოლოგიებზე ფიქრობენ და მათი გამოყენებით ბიზნეს იდეებს ეძებენ.