სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტში წარმატებას აღწევენ
07-12-2018
გორის მუნიციპალიტეტის სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცხოვრების ჯანსაღი წესით აქტიურად არიან დაკავებული. 

მოსწავლეებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობიდან განსაკუთრებით  პოპულარულია ჭიდაობა. ეს ალბათ არცაა გასაკვირი, რადგან სკრის სკოლის კურსდამთავრებულები ცნობილი ძიუდოისტები და მსოფლიოს  ჩემპიონები არიან: თემურ ხუბულური (ორგზის  ჩემპიონი) და კობა კურტანიძე.

სპორტსმენები ინტენსიურად ვარჯიშობენ გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში მაღალკვალიფიციურ მწვრთნელებთან.

სკოლის დირექციის ცნობით, 2018 წელი სპორტსმენებისთვის გამორჩეულად ნაყოფიერი იყო.
კერძოდ, მე-12 კლასის მოსწავლემ გურამ გასიტაშვილმა თავის მნიშვნელოვანი გამარჯვებების ნუსხას კიდევ ერთი მიუმატა - აპრილში ჩეხეთის რესპუბლიკაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობა ძიუდოში  ჭაბუკთა შორის 55 კგ წონით კატეგორიაში  მე-3 ადგილი მოიპოვა.

ასევე, მე-11 კლასის მოსწავლემ გერონტი დოკაძემ საგარეჯოში გამართულ მამუკა კურდღელაშვილის სახელობის ტურნირზე ჭიდაობა სამბოში  თავის ასაკობრივ ჯგუფში 84 კგ წონით კატეგორიაში  მე-2 ადგილი დაიკავა.

ხოლო მე-10 კლასის მოსწავლე რუსუდან მშვიდობაძე  სკრის სკოლის სპორტსმენ-მოჭიდავეთაგან პირველი გოგონაა, რომელმაც დარბაზისა თუ რესპუბლიკის პირველობაზე გამართულ ასპარეზობებზე სამბოსა და ძიუდოში გარკვეული წარმატებები მოიპოვა. რუსუდანმა ნოემბერში  საგარეჯოში გამართულ ტურნირზე სამბოში კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა  - 65 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილს დაეუფლა.

სკოლის დირექციის ინფორმაციით, ეს მოსწავლეები სასწავლო საგნების მიმართაც დიდ ყურადღებას იჩენენ და ურთიერთობებშიც გულთბილი და მეგობრულები არიან.

იხილეთ ფოტოები  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203