სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში „მკითხველთა კლუბი“ წარმატებით ფუნქციონირებდა
11-12-2018
თიანეთის მუნიციპალიტეტის, სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში „მკითხველთა კლუბი“ წარმატებით ფუნქციონირებდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის 7 მაისიდან 2018-2019 სასწავლო წლის 20 ნოემბრამდე პერიოდულად სპეციალურად ამ პროექტისათვის შედგენილი ცხრილის მიხედვით მიმდინარეობდა სასკოლო აქტივობების ხელშემწყობი პროგრამა - „წრეები", რომლის მიმართულება გახლდათ ინტელექტუალურ-შემეცნებითი, ქვემიმართულება - წიგნიერების განვითარება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და შეიქმნა პროექტი სახელწოდებით - „მკითხველთა კლუბი“. კლუბს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკა ქაშიაშვილი ხელმძღვანელობდა.
კლუბში გერთიანებულნი იყვნენ მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების მოსწავლეები. კლუბმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მსოფლიო მხატვრული კლასიკური ლიტერატურიდან რეკომენდირებული სამი წიგნიდან, მოსწავლეთა სურვილისამებრ, არჩევანი ჰენრი რაიდერ ჰაგარდის სათავგადასავლო რომანზე - „სოლომონ მეფის საგანძური“ შეაჩერა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ოცი შეკრების განმავლობაში მოსწავლეებმა დაამუშავეს რომანის თითოეული თავი.
„სკოლის აღსაზრდელებმა მშობლიური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე შესწავლილი სხვადასხვა სახის მეთოდების გამოყენებით დაახასიათეს, განიხილეს პერსონაჟები, ტექსტში ასახული მეტად საინტერესო და იმავდროულად იდუმალი, მოულოდნელობებით აღსავსე მოვლენები და ფაქტები, შეისწავლეს სიუჟეტური ხაზის განვითარების ყველა ეტაპი, რასაც ცხოველი აზრთა გაცვლა-გამოცვლა და დისკუსია მოყვებოდა ხოლმე პერიოდულად. დიდი მოწონება ხვდა წილად ჰაგარდის მოხდენილ იუმორს. გააკეთეს თითოეული თავის მოკლე შინაარსი, გეგმები, გეოგრაფიული ადგილების სახელწოდებებისა და უცხო სიტყვათა მცირე სახის კრებულები, შექმნეს პატარა ზომის ილუსტრაციები, კროსვორდები. ყოველივე აღნიშნულის შედეგად შეიქმნა ალბომი, რომელშიც ჩამოთვლილი მასალებია განთავსებული. პროექტის დასასრულს კლუბმა მოაწყო აღნიშნული სათავგადასავლო რომანის დიდი ზომის ილუსტრაციებისა და კროსვორდების გამოფენა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე პროექტის დაფინანსების ფარგლებში კლუბმა შეიძინა ქართული და მსოფლიო კლასიკური მხატვრული ლიტერატურის შედევრები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
„მკითხველთა კლუბი“ დიდ მადლობას უხდის სკოლის დირექციას მუშაობაში გაწეული მქსიმალური ხელშეწყობისა და თანადგომისათვის.