მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა გოგრიჭიანი სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა
11-12-2018
ადიგენის მუნიციპალიტეტის, მლაშეს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა გოგრიჭიანი ევროპის აკადემიური ცენტრის საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობს.
საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს სასწავლო-პრაქტიკულ ვიზიტს თბილისსა და სტრასბურგში, რომელიც განხორციელდება 2018 წლის 01-15 დეკემბრის ჩათვლით.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლუკა გოგრიჭიანმა გადალახა შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი და გახდა პროგრამის რჩეული დელეგატი.
„ჩვენი სკოლის სახელით მადლობას ვუხდით მას ამ კონკუსში მონაწილეობისათვის და ვუსურვებთ წარმატებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროექტი ორგანიზებულია ევროპის აკადემიური ცენტრისა და სტრასბურგის ევროპარლამენტში არსებული საქართველო-ევროკავშირის თანამეგობრობის ჯგუფის მიერ. პროექტის მიზანია, ევროკავშირის უმაღლესი ორგანიზაციების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება და „სისხლის სამართლის იმიტირებულებულ პროცესში“ დელეგატად მონაწილეობა.
საგანმანათლებლო ვიზიტი განხორციელდება ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ევროპის საბჭოში, სტრასბურგის პირველი ინსტანციის დიდი პალატის სასამართლოში და ევროპის პარლამენტში. დელეგაციისათვის მოხდება უწყებების მუშაობის თავისებურებათა გაცნობა და იმ გამოცდილების გაზიარება, რაც ამ ინსტიტუტებში წარმოებს. პროექტის დელეგატები გაეცნობიან ევროპის მიღწევებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მათი საკუთრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის საქმეში. სტრასბურგის პირველი ინსტანციის დიდ პალატაში ჩატარდება „სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის“ დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც დაესწრება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, პროფ. ლადო ჭანტურია.