ამირან გამყრელიძე მშობლებს და ექიმებს მოუწოდებს, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევას ხელი შეუწყონ 
11-12-2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მშობლებს მოუწოდებს, შვილებს სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევაში მონაწილეობა მიაღებინონ.

მისი თქმით, 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს  საქართველოს 10 რეგიონში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იკვლევენ.

მისივე თქმით, თუ 1 500 ბავშვის გამოკვლევა ვერ მოხდება, სახელმწიფოს არ ექნება ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე საერთო სურათი, რაც სამომავლოდ მედიკოსებს ხელს შეუშლის დაავადების პრევენცია მოახდინონ.

„ეს კვლევა უკვე მესამედ ტრადება ქვეყანაში, ბოლოს 2005 წელს ჩატარდა და მოიცავს დაახლოებით 14 000 შინამეურნეობას. ჩვენი მონაწილეობა ამ კვლევაში ტყვიის საკითხმა განაპირობა. ბოლო პერიოდში ტყვიის შესახებ ინფორმაცია ხშირად ჟღერდება და გარკვეული შეშფოთება გამოიწვია მოსახლეობაში. დიდი თხოვნით გაეროს ბავშვთა ფონდმა პირველად ამ ტიპის კლევაში ჩართო ტყვიისა და წყლის ხარისხის კომპონენტი. 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ვიკვლევთ საქართველოს 10 რეგიონში, ეს ხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

ვალიდური ინფორმაცია რომ მივიღოთ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, დაახლოებით 1 500 ბავშვის გამოკვლევა უნდა მოხდეს. ამ პრინციპით 10 რეგიონში უკვე გამოკვლეული გვყავს დაახლოებით 1 300-მდე ბავშვი. ლაბორატორიული გამოკვლევები მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორ ინსტიტუტში - იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში. აღებული სისხლის ნიმუშების უკვე პირველი პარტია გაგზავნილია. ჩვენ საერთო შედეგი და სურათი გვექნება გაზაფხულზე.

მე ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით მშობლებს და ასევე ჩემს კოლეგებს, ექიმებს, ოჯახის ექიმებს, პედიატრებს, რომ ხელი შევუწყოთ ამ კვლევას რამეთუ ჩართვაში გარკვეული ჩამორჩენა გვაქვს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში. ველი დაიწყო სექტემბერში, სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და დაახლოებით 20-დან 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203