ადრე თუ ახლა - რა განსხვავებებს ხედავენ სასწავლო მეთოდიკაში დირექტორები
11-12-2018
თანამედროვე სასწავლო მიდგომა მოსწავლეზე ორიენტირებულია, რაც იმას გულისხმობს, რომ საგაკვეთილო პროცესში მისი ჩართვა აუცილებელია. ამავდროულად, თუ ადრე მოწაფის კრიტიკული აზროვნება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ახლა მისი დამოუკიდებელი შეხედულებები ბევრად დაფასებულია. Etaloni.ge სწორედ ამ თემის გარშემო სასაუბროდ დაუკავშირდა დირექტორებს.
თბილისის N142 საჯარო სკოლა, დირექტორი შორენა ცნობილაძე:
დღევანდელი სასწავლო მიდგომა და მეთოდიკა მეტ აზროვნებას, უნარ-ჩვევებს, შემეცნებით დატვირთვას მოიცავს. ადრე უფრო სტერეოტიპული მიდგომა იყო. თუნდაც, მაგალითისთვის ლექსის დაზეპირება შეგვიძლია ავიღოთ, რომელსაც მოსწავლე ვერ აცნობიერებდა, უბრალოდ იმახსოვრებდა. დღეს ყველა აბზაცისა და სიტყვის გააზრება, დამუშავება მიმდინარეობს.
თბილისის N69 საჯარო სკოლა, დირექტორი იასონ ყარმაზანაშვილი:
თანამედროვე სასწავლო მეთოდიკა, რა თქმა უნდა, უფრო მომწონს, რადგან ინდივიდუალური მიდგომები აქვს. მაგალითად, იგივე სსსმ მოსწავლეებისთვის დამატებითი სასწავლო გეგმა იქმნება. ადრე ალბათ მეტ-ნაკლებად ასე იყო, თუმცა არა ისე მკაფიოდ, როგორც - დღეს.
რატევანის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ხარაიშვილი:
ადრე არსებული სასწავლო მიდგომით უნდა ყოფილიყო აქტიური და გაკვეთილი თითქმის მხოლოდ მას წაეყვანა. თანამედროვე მეთოდიკით კი მასწავლებელი გეზის მიმცემია, მოსწავლე კი - უფრო აქტიური. ფაქტობრივად, მასწავლებელი მოსწავლეს სწავლას ასწავლის, რაც მოწაფეში ცოდნის მიმართ ინტერესს აღვივებს, ასევე, სააზროვნო უნარებს უვითარებს. თანამედროვე მიდგომა გულისხმობს, რომ მოსწავლე უფრო მაძიებელი და კრიტიკული აზროვნების მქონე გახდეს, საკუთარი დასკვნები გამოიტანოს. ეს მხოლოდ მისასალმებელია.
ზვარეს საჯარო სკოლა, დირექტორი ნატო შათირაშვილი:
დღევანდელი სასწავლო მიდგომის უპირატესობა ისაა, რომ აქცენტი მოსწავლეზეა. ის დგას სასწავლო პროცესის ცენტრში და ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ სწავლის ხარისხი უკეთესი იყოს. წინ გადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებას ყურადღება მიექცა, როგორც სერტიფიცირებებით, ასევე - ტრენინგებით. ეს უკანასკნელი ძირითადად საკლასო ოთახშივე სწავლების დანერგვას და გაუმჯობესებას ემსახურება. ტრენინგებმა დაწყებით განათლებაში მიმდინარე სასწავლო პროცესიც ბევრი ახალი აქტივობითა და რესურსით წინ წაწია. რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე იყო სიახლისკენ სწრაფვა, თუმცა ადრე უფრო თეორიულად ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება. განათლების სისტემას კი უფრო პრაქტიკული მიდგომა სჭირდება. მითუმეტეს, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც, რა თქმა უნდა, დამატებითი პლიუსია.
შუაღელეს საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი კირჩხელი:
დღევანდელი სასწავლო მეთოდიკა უფრო მომწონს, რადგან მოსწავლეზე ორიენტირებულია. ადრე მასწავლებელი იყო მთავარი და მას შეიძლება არც გაეთვალისწინებინა რა იყო მოსწავლის წარმატებისთვის უკეთესი. დღეს როგორც სასწავლო გარემოში (საკლასო ოთახში), ასევე მის გარეთაც (თუნდაც ლაშქრობის დროს) მიმდინარეობს მოსწავლისთვის იმ განათლების მიცემა, რომელიც მის წარმატებაზეა ორიენტირებული.
ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა, დირექტორი დოდო ხახუტაიშვილი:
თანამედროვე სასწავლო მიდგომა მოსწავლეზეა ორიენტირებული. ადრე მასწავლებელი იყო მთავარი, თავად მიჰყავდა გაკვეთილი და ნაკლები ყურადღება ექცეოდა მოსწავლე იყო თუ არა ჩართული ამ პროცესში. ახლა მთლიანად მოსწავლეა ცენტრში და ის გაკვეთილის პირველივე წუთებიდანვე პროცესის თანამონაწილეა. თანამედროვე ხერხები და სტრატეგია უკეთესია იმისთვის, რომ მოსწავლემ ცოდნა შეიძინოს და აითვისოს.
ვარხანის საჯარო სკოლა, დირექტორი რუსუდან ხობიაშვილი:
რა თქმა უნდა, უპირატესობას ახალ სასწავლო მიდგომას ვანიჭებ, რადგან ძველი ჩარჩოებში იყო ჩასმული, ახალი მეთოდიკა კი უფრო დამოუკიდებელი, მეტისმომცველი და კრეატიულია, რომლითაც მოსწავლეს კრიტიკული აზროვნება უვითარდება. მაგალითად, ადრე თავისუფალი თემის წერისას მოსწავლეს სხვისი აზრი, ციტატები უნდა მოეყვანა. ის იყო მთავარი და არა - მოსწავლის აზრი. ახლა კი მნიშვნელოვანია არგუმენტების მოყვანა და დასაბუთება, თუნდაც ეს განსხვავებულ შეხედულებას გულისხმობდეს.
თბილისის N96 საჯარო სკოლა, დირექტორი სუსანა შოშიაშვილი:
ახალი სასწავლო სისტემა უფრო მომწონს, რადგან თავისუფალი და მოქნილია, მეთოდები კი მრავალფეროვანი, რომელიც მასწავლებელს მუშაობის ბევრ საშუალებას და ხერხს აძლევს. მოსწავლეს ამ მიდგომით კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება შეუძლია, ასევე, ჯგუფური მუშაობა მიმდინარეობს, რაც ადრე პრაქტიკულად არ იყო და აქცენტი უფრო დაზეპირებაზე კეთდებოდა. ახლა მოსწავლე ცდილობს თავადაც მოიძიოს ინფორმაცია.
ბაზალეთის საჯარო სკოლა, დირექტორი აკაკი მდორეული:
ძველ მიდგომებშიც იყო კარგი და დადებითი და ახალშიც მოიპოვება. ერთი ხელის მოსმით არც ძველის უარყოფა შეიძლება და არც - ახლის. თუმცა არ დავკონკრეტდები რომელი მეთოდიკის რა მომწონდა.
წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა, დირექტორი ნონა მებონია:
ახალი სასწავლო მეთოდიკა დიფერენცირებულ მიდგომებს მოიცავს, სადაც მოსწავლის ფსიქოლოგიური, ასაკობრივი თავისებურებებია გათვალისწინებული. ჩემთვის მოსწავლეზე ორიენტირება უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა, ძველი სასწავლო მეთოდიკიდან საზეპიროები მომწონდა, რომელიც გონებას ავარჯიშებს. ასევე, ქართული ენის გრამატიკა უფრო მეტად ისწავლებოდა. საქართველოს ისტორია კი დღეს ინტეგრირებულ საგნად ისწავლება, მაშინ როცა ადრე დამოუკიდებელი საგანი იყო და, რა თქმა უნდა, ის ჯობდა.