გეზათის საჯარო სკოლაში ნოდარ დუმბაძის შემოქმედების კვირეული მოეწყო
12-12-2018
აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლაში ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო.
აღნიშნულის ორგანიზატორი იყო სახელმწიფო ენის კათედრა და მისი თავჯდომარე ქეთევან ვეკუა.
კვირეულის ფარგლებში კალიგრაფთა კონკურსი ჩატარდა, კედლის გაზეთი სათაურით „კაცი - ლეგენდა“ გამოვიდა და ნოდარ დუმბაძის მიერ შექმნილი ლექსების პერსონაჟთა ნახატების გამოფენა მოეწყო.
აღსანიშნავია VII-VIII კლასის მოსწავლეები, რომელთაც შთამბეჭდავად წარმოადგინეს ნაწყვეტები რომანებიდან: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და „მე ვხედავ მზეს“.
დამრიგებლები იზაბელა გაბუნია და ირმა ჭანტურია გახლავთ.
II-VI კლასის მოსწავლეებმა კი ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები წარმოადგინეს. ღონისძიების სახელი იყო - „ჩვენ გვიყვარს ნოდარ დუმბაძის პოეზია“. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო II კლასის მიერ წაკითხული „ქურდის ქურდი“ და „პრანჭია“ (დამრიგებელი ლოლა ქურასბედიანია). ასევე, III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ზაირა რევაზიშვილი) ლექსები თავისი ნახატებით წარადგინეს.
სკოლის დირექციის შეფასებით, კვირეული მაღალ დონეზე ჩატარდა. მონაწილეებს ქების სიგელები გადაეცათ, ხოლო კლასის დამრიგებლებს ბრძანებით მადლობა გამოეცხადათ.