კურსების საჯარო სკოლის ფეხბურთელები რეგიონულ თამაშებში იასპარეზებენ
13-12-2018
ტყიბულში, საქართველოს სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფარგლებში, მინი-ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა. აქტივობა სპორტის სასახლეში მოეწყო. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ქალაქის N1, N4, N6, N7 საჯარო სკოლები და სოფლების: გელათი, ორპირი, კურსები და საწირის საჯარო სკოლები.
აღნიშნულის ფარგლებში 2002-03-04 წლებში დაბადებული მოსწავლე ვაჟებისაგან დაკომპლექტებული სულ 8 ჯგუფი მონაწილეობდა. თითოეული 5 ძირითადი მოთამაშით (მეკარის ჩათვლით) ასპარეზობდა. გუნდური ხასიათის ტურნირის თითოეული მატჩი ორი შესვენებისგან შედგებოდა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის სპორტული ცენტრის და საჯარო სკოლების წარმომადგენლები სხვა გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდნენ.ფინალში ერთმანეთს ტყიბულის N1 საჯარო სკოლისა და კურსების საჯარო სკოლის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც კურსების სკოლის გუნდმა გაიმარჯვა და მან რეგიონულ თამაშებში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.
შეჯიბრს ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია. საშეჯიბრო გეგმა კი - გრაფიკის მომზადება და მსაჯების შერჩევა, სპორტულმა ცენტრმა უზრუნველყო.