ახალციხის N5 საჯარო სკოლაში პროექტი „შეაჩერე შიდსი“ განხორციელდა
13-12-2018
საინტერესო სასწავლო პროექტი წარმოადგინეს ახალციხის N5 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა (პროექტის ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი თ. ჯინჭველაძე). 

პროექტი „შეაჩერე შიდსი“ მიეძღვნა 1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში შეისწავლეს აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი)-ის ბიოქიმიური აღნაგობა, აღმოჩენის ისტორია, დაავადება შიდსის გამომწვევი მიზეზი და რისკ-ფაქტორები, მიმდინარეობა, გართულებები, მკურნალობის მიმართულებები და თავიდან აცილების გზები. 

„პირველ დეკემბერს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პროგრესული საზოგადოება სოლიდარობას უცხადებს შიდსით დაავადებულებს, ჩვენც ვუერთდებით მსოფლიოს და ვუცხადებთ თანადგომას ყველა დაავადებულს, ვატარებთ წითელ ლენტს, როგორც შიდსით დაავადებულთა სოლიდარობის სიმბოლოს და ვიტოვებთ უკეთესი მომავლის იმედს“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა გულისტკივილი გამოთქვეს მოსახლეობაში გავრცელებული სტიგმის შესახებ, რაც ხელს უშლის დაავადებულებს საზოგადოებასთან ნორმალურ ინტეგრაციაში. ამიტომ, მოსწავლეებმა მოსახლეობის ცნობიერების გაზრდის მიზნით მოაწყვეს მსვლელობა ქალაქში და დაარიგეს მათ მიერ შექმნილი საინფორმაციო-სარეკომენდაციო ბუკლეტები. „ამ პროექტზე მუშაობამ ბევრი რამ მოგვცა, გარდა იმისა, რომ შევიძინეთ ცოდნა, ავიმაღლეთ საგნობრივი კომპეტენცია, გახსნილად შეგვიძლია ვესაუბროთ თანატოლებსა და ახლობლებს ამ დაავადების შესახებ, მივცეთ საჭირო რჩევები, დავიცვათ როგორც საკუთარი თავი, ისე გარშემომყოფები“ - აღნიშნეს მათ.   
 
პროექტის პრეზენტაციამ მეტად საინტერესო და ინტერაქციულ ვითარებაში ჩაიარა.„პრეზენტატორები მსვლელობისას მსმენელთა ყურადღების მობილიზების მიზნით სვამდნენ კითხვებს. გაცემულმა პასუხებმა ცხადყო მსმენელთა აქტიური ჩართულობა. პროექტის პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას, სკოლის დირექციის წარმომადგენლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დაურიგეს საინფორმაციო-სარეკომენდაციო ბუკლეტები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203