სათხის საჯარო სკოლაში სპიტაკის მიწისძვრა გაიხსენეს
14-12-2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის საჯარო სკოლაში  სომხეთის მიწისძვრის  30 წლისთავთან დაკავშირებით (რა დროსაც ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა), სპეციალური პრეზენტაცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ამ ტრაგედიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. მოსწავლეებმა ღონისძიება  დაღუპულთა სულებზე ლოცვით დაიწყეს, შემდეგ კი მასწავლებლებთან ერთად სოფლის ეკლესიაში წავიდნენ და სანთლები აანთეს.

ღონისძიების ხელმძღვანელი სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის ახალგაზრდა  მასწავლებელი რიმა  სანოსიანი გახლდათ. 

ცნობისთვის, 1988 წლის 7 დეკემბერს ადგილობრივი დროით 11 საათსა და 41 წუთზე სომხეთში კატასტროფული მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების სერიამ 30 წამში პრაქტიკულად გაანადგურა ქალაქი სპიტაკი და ძლიერ დააზიანა ქალაქები ლენინაკანი (ახლა გიუმრი), კიროვაკანი (ახლა ვანაძორი) და სტეპანავანი. სულ სტიქიისგან 21 ქალაქი დაზარალდა, ასევე 350 სოფელი (რომელთაგან 58 სრულიად დაინგრა). 

მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა ქალაქი სპიტაკი. მისმა ძალამ 10 ბალს მიაღწია (12 ბალიანი შკალის მიხედვით), ლენინაკანში 9 ბალს, კიროვაკანში კი – 8–ს.

მიწისძვრის ექვსბალიანმა ზონამ მოიცვა რესპუბლიკის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ერევანსა და თბილისში.

სპეციალისტების გამოთვლით, სპიტაკის მიწისძვრისას მიწის გახსნის ადგილიდან გამოიყო ათი ატომური ბომბის აფეთქების ექვივალენტური ენერგია, თითოეული მათგანი 1945 წელს ჰიროსიმაში მომხდარის მსგავსი იყო. ტალღამ, რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია, დედამიწას შემოუარა და ის დაარეგისტრირეს ევროპის, აზიის, ამერიკისა და ავსტრალიის მეცნიერთა ლაბორატორიებმა.

მიწისძვრის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 25 ათასი ადამიანი, 140 ათასი დაინვალიდდა, ხოლო 514 ათასმა ადამიანმა თავშესაფარი დაკარგა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203