ხცისის საჯარო სკოლაში დუალური პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
14-12-2018
ხაშურის მუნიციპალიტეტის, ივანე ხრიკულის სახელობის ხცისის საჯარო სკოლაში დუალური პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია გერმანიის სტუმართმოყვარეობის საერთაშორისო ინსტიტუტი -INTERNATIONALES INSTITUT FŰR HOSPITALITY ინიციატივით ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაციის სამიზნე ჯგუფი საშუალო საფეხურის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც გერმანულ ენას სწავლობენ.
ღონისძიებას ხცისის საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა ქვრივიშვილმა და გერმანული ენის მასწავლებელმა ნინო ღულაძემ უმასპინძლეს.
პრეზენტაციას ხცისის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ხაშურის მე-4 და მე-7 სკოლების გერმანული ენით დაინტერესებული უფროსკლასელები და მათი მასწავლებლები ნატალია ხაჩიძე და ლალი გუგბერიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიებას გერმანელი სტუმარი, ინსტიტუტის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ურსულა ოპერმანი და ასისტენტები ნუცა ციგროშვილი და თინათინ წიქარიშვილი უძღვებოდნენ. პრეზენტაციის ძირითადი ენა გერმანული იყო. ურსულა ოპერმანმა მოსწავლეებს დუალური პროფესიული განათლების არსი და დადებითი მხარეები გააცნო.
პრეზენტაციის მიზანი იყო, მოსწავლეთა ინფორმირება პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების საკითხში გერმანიის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის შესახებ.
„სიახლე მოსწავლეებისათვის გახლდათ სწორედ ის, რასაც დუალური განათლება ჰპირდება: სწავლა კეთებით, ანუ თან თეორიულ კურსს გადიან სტუდენტები, თან ამ მიმართულებით მუშაობენ და იღებენ ხელფასს. მოსწავლეებში პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, გაჩნდა კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. ბევრი მოსწავლე თავის მომავალ გეგმებზე ხელახლა დაფიქრდა. ეს პრეზენტაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო თავად მოსწავლეებისთვის და მოსწავლეებში გერმანული ენის პოპულარიზაციისათვის.
პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა შემოდგომის ნობათი დააგემოვნეს და საკუთარი ხელით ჩურჩხელებიც კი ამოავლეს. სტუმებიც და მასპინძლებიც კმაყოფილი დავრჩით ამ დღით. ორი მოსწავლისთვის უკვე გამოიკვეთა კონტურები მომავლის დაგეგმვაში. მივესალმებით, თუნდაც ამ ორ მოსწავლეს თუ დავეხმარეთ ამპრეზენტაციით განათლებისა და კარიერის სწორად დაგეგმვაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.