ვისზეა დამოკიდებული მიიღებენ თუ არა პედაგოგები საახალწლოდ პრემიებს - განათლების სამინისტროს განმარტება
17-12-2018

უნდა ელოდონ თუ არა საახალწლოდ მასწავლებლები პრემიებს ან ე.წ. მე-13 ხელფასს და ვინ წყვეტს ამ საკითხს - ამ კითხვით etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მომართა. შესაბამისად, დავინტერესდით რა პასუხი აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, იმის გამო, რომ საჯარო სკოლას ავტონომია აქვს და არსებულ ბიუჯეტს დირექტორი განსაზღვრავს, სწორედ მასზეა დამოკიდებული პედაგოგები მიიღებენ თუ არა პრემიას ან რამდენი პედაგოგი წახალისდება საახალწლოდ.

etaloni.ge თბილისისა და რეგიონის საჯარო სკოლების არაერთ დირექტორს დაუკავშირდა, რათა მათგან მიეღო ინფორმაცია, რამდენად ახერხებს სკოლა პრემიის გაცემას მასწავლებლებისთვის. როგორც აღმოჩნდა საჯარო სკოლების უმეტესობა ფინანსური პრობლემების გამო, პრემიის გაცემაზე უარს ამბობს, თუმცა, არიან სკოლები, სადაც მასწავლებლების წახალისებას მაინც ახერხებენ.

როგორც ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, პედაგოგებისთვის პრემიის სახით, ხელფასის 20-30% განისაზღვრება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მდგომარეობის გამო ყველა პედაგოგისთვის ვერ ახერხებს პრემიის გაცემას, წლის განმავლობაში რამდენიმე გამორჩეულ პედაგოგი საახალწლოდ ყოველთვის იღებს ფულად ჯილდოს პრემიის სახით, რაც ერთის მხრივ, თავად მასწავლებლების მოტივაციას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი სკოლა ამ მეთოდით ცდილობს ამ მასწავლებლების შრომა შეძლებისდაგვარად მაინც დააფასოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203