დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე განათდება
19-12-2018
რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება.  

დედაქალაქის მერმა საახალწლოდ მრავალი საინტერესო სანახაობა დააანონსა და მოსახლეობა დღესასწაულზე მიიწვია: 

„22 დეკემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რომელზეც მინდა დავპატიჟო დედაქალაქის მოსახლეობა, რომ მობრძანდეთ თქვენი შვილებით და შვილიშვილებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე მოეწყობა, სადაც დამთვალიერებელს ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები, საღამოს თემატური კონცერტები და საშობაო ბაზრობა დახვდება. 

კალაძის თქმით, 7 იანვარს საახალწლო სოფელს დახურავს ყველა დროის და ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელიც თბილისის ცის ქვეშ პირველად გათამაშდება.

„რაც შეეხება გალა კონცერტს, მისი კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ორკესტრთან ერთად შესრულდება ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა. საახალწლო და საშობაო განწყობისთვის, გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები. 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი და მსმენელის წინაშე წარდგება 170 მუსიკოს-შემსრულებელი“, – განაცხადა მერმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომავალი წელი სიყვარულის უნდა იყოს და საახალწლო სლოგანიც „სიყვარულით სავსე ქალაქი“ იქნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203