ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ხატებს გაეცნენ
19-12-2018
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველი სასწავლო წლის ბოლოს „სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინიცირებულ ელექტრონული ფორმატის გამოცდებში აქტიურად მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ საბაზო საფეხურის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები სხვა საგნებთან ერთად უკვე რამდენიმე წელია სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში საკმაოდ მაღალ შედეგებს იღებენ.
ამავდროულად, სკოლის დირექციის ცნობით, საგამოცდო პროგრამები ყოველწლიურად იხვეწება და თემების სხვადასხვა კუთხით გააზრებაა შესაძლებელი.
ამ საკითხის გათვალისწინებითა და ზოგადად, მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, „სასკოლო აქტივობების“ მორიგი შეხვედრის თემა იყო – „ქართული ხატები“. აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებმა ნანა ბურჭულაძის სახელმძღვანელო „ქართული ხატები“ ინტერესით დაათვალიერეს. მათი შეფასებით, წიგნი საკმაოდ სქელტანიანია და რამდენიმე მეცადინეობაც შეიძლება არ იყოს საკმარისი მისი საფუძვლიანი განხილვისათვის. ამიტომ, მოსწავლეებმა არჩევანი უბისის ტაძრის ხატებზე შეაჩერეს და თორმეტი ხატის ილუსტრაციასა და ისტორიას ყურადღებითა და ინტერესით გაეცნენ.
მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი იყო ის ინფორმაციაც, რომ ამ თორმეტი ხატიდან თერთმეტი ვინმე ბაბლაკ ლასხიშვილის მიერაა ტაძრისათვის შეკვეთილ–შეწირული ღვთისმშობლის სახელზე, XIV საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო მეთორმეტე ხატი ოდნავ ადრეა დაწერილი, ტაძრის პატრონის წმინდა გიორგის სახელზე.