თავისუფალი გაკვეთილების სწორი ფორმულირება - რა დეტალებზე საუბრობს პროგრამის კოორდინატორი Etaloni.ge-სთან
08-02-2017

სკოლებში მარტიდან თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდება. ამ პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. რა სტადიაზეა ახლა პროგრამა და როგორია სკოლების აქტივობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge თავისუფალი გაკვეთილების პროგრამის კოორდინატორს ლალი კალანდაძეს დაუკავშირდა.

- ქალბატონო ლალი, თავისუფალი გაკვეთილები რა ფორმატის გაკვეთილებია და რომელი კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი?

- თავისუფალი გაკვეთილები ახალი ფორმატის, ახალი სტილის გაკვეთილებია, მოსწავლეების შეფასებისა და გამოკითხვების გარეშე. თითოეულ სკოლაზე გათვალისწინებულია 3000-ლარიანი გრანტი. სკოლას გრანტის ფარგლებში რამდენიმე პროექტი შეიძლება დაუფინანსდეს. აქედან 1000 ლარი იქნება მასწავლებლის ანაზღაურება, 1000 ლარი მოხმარდება რესურსებს და 1000 - სკოლის ადმინისტრაციას. ყოველ დამატებით საათზე სკოლას ჩაერიცხება 30 ლარი, 10 - მასწავლებელს, 10 - ადმინისტრაციის წარმომადგენელს და 10 - რესურსებისთვის იქნება განკუთვნილი.

ეს პროექტი მე-7 - მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის არის გათვალისწინებული. ჯამურად ამ წლის განმავლობაში დამატებით 100 საათი ექნებათ შეთავაზებული განსხვავებული, თავისუფალი, ნებაყოფლობითი გაკვეთილებისთვის. ჩვენ გვაქვს არჩეული პრიორიტეტული მიმართულებები: სპორტი, კულტურა, წიგნიერება და ინტელექტუალური.

- რამდენი სკოლა მიიღებს გრანტს ამ პროგრამაში მონაწილეებისათვის?

- ამ პროგრამისთვის წელს ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი არის განსაზღვრული. დაახლოებით 1330 სკოლა შეძლებს პროგრამაში ჩართვას. თითო სკოლის მაქსიმუმი 100 საათია. თუ სკოლები 50-საათიან პროგრამას მოიფიქრებენ, 50 საათის შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ სკოლაში შეიძლება 1 ასეთი წრე არსებობდეს, ზოგან 2 ან 4. ყველას აქვს შესაძლებლობა და ჩვენი სურვილია, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ, გააჩნია, რამდენ საათობრივ პროგრამას შემოგვთავაზებენ.

- სკოლების შერჩევისას რას მიენიჭება პრიორიტეტი?

- პრიორიტეტი მიენიჭება იმ სკოლებს, რომლებიც უფრო მეტ მოსწავლეს ჩართავენ, ვისაც უფრო ინოვაციური პროექტი ექნება, უფრო მეტ ტექნოლოგიას გამოიყენებს. თუ დიდი კონტინგენტის მქონე სკოლები დაიმეგობრებენ მცირეკონტინგენტიან (სადაც 200-ზე ნაკლები ბავშვი სწავლობს) სკოლებს, ამ პროექტებს მიენიჭებათ უპირატესობა. მცირეკონტინგენტიანი სკოლები და დიდკონტინგენტიანი სკოლები ცალ-ცალკე კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას, ერთმანეთს არ შეეჯიბრებიან.

- რა სტადიაზე ახლა პროგრამა და როდიდან დაიწყება სკოლებში თავისუფალი გაკვეთილები?

- ახლა არის სატესტო პერიოდი, ხდება მოსწავლეთა გამოკითხვა, რა პროგრამები და საგნები აინტერესებთ, რა რესურსები გააჩნიათ სკოლებს, რომელი მასწავლებლები ჩაერთვებიან პროგრამაში. მზადდება პორტალი, სადაც თავისუფალი გაკვეთილების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია აიტვირთება და საჯარო იქნება. მარტიდან აქტიურად დაიწყება განხორციელება. ჯგუფების დაკომპლექტება ახლაც მიმდინარეობს, მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების მხრიდან მაღალი აქტივობაა, დაინტერესებულები არიან, ველოდებით, რომ ძალიან სერიოზული ნაკადი წამოვა. მარტიდან ამ პორტალის მეშვეობით ყველას შეეძლება ნახოს, რა ფორმატით ტარდება გაკვეთილები, განსაკუთრებით საინტერესო გაკვეთილების ფოტო და ვიდეომასალა აიტვირთება. პროგრამაში ჩართული მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ საიტზე და შეაფასონ გაკვეთილები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203