მიხეილ ბატიაშვილი ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების შესახებ განცხადებას აკეთებს
20-12-2018

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გამოკვეთის შემთხვევაში, სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომლი პასუხისმგებელია.

„ნამდვილად სამწუხარო ფაქტი მოხდა. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. სამინისტრო ითანამშრომლებს ყველა იმ ორგანიზაციასთან და დაინტერესებულ მხარესთან, რომელიც ამ პროცესს სწავლობს. ვაწვდით ყველანაირ ინფორმაციას. ნებისმიერი თანამშრომელი, მათ შორის მეც, როგორც სამართლებრივი, ისე მორალური პასუხისმგებლობის შემთხვევაში, მზად ვართ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ. თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ განათლების სისტემის პოლიტიზირება დაუშვებელია, ზეწოლის არც ერთი შემთხვევა, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. დარწმუნებული ვარ, ეს დადასტურდება! არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე!“.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას საარჩევნოდ მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შემოწმდა. უწყების ცნობით, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარიულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა. სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო.

ასევე იხილეთ: „სამინისტროსა და სამეურვეო საბჭოს მხრიდან ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203