დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს
26-12-2018
დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში მყოფ აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. აქციის „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ ორგანიზატორები და ინიციატორები არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული განვითარების ტრენერ-მასწავლებელი, ზურაბ ჟვანიას მობილური ჯგუფის ტრენერი იამზე მსხვილიძე და სკოლის მეთორმეტეკლასელები იყვნენ.
„ბევრი პროექტი განმიხორციელებია, ბევრი ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება და ზეიმი ჩამიტარებია, მაგრამ ასეთი ერთსულოვნება, რომელმაც მთელი სკოლა მოიცვა ჯერ არ მახსოვს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები სიკეთის კეთების სურვილმა და მონდომებამ გააერთიანა. აქცია მეთორმეტეკლასელებთან ერთად დავგეგმე და განვახორციელე. მათ ძალიან კარგად გაითავისეს ის, რომ სამყაროს სიკეთე მართავს, ის ღვთისგან მოდის და ადამიანში სახლდება“ - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა.
აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა შეაგროვეს ტანსაცმელი, სურსათი, ასევე, შემოწირული თანხით შეიძინეს ხილი, ტკბილეული, წვენები, საკანცელარიო ნივთები და საახალწლო საჩუქარი.
რამდენიმე დღიანი მზადების შემდეგ, მოსწავლეები და პედაგოგი ნინოწმინდაში გაემგზავრნენ.
ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში 87 ბავშვი ცხოვრობს. მათ ჩამოსულ სტუმრებს ღონისძიება მოუმზადეს და ასე დახვდნენ.
„მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს, პედკოლექტივს, მშობლებს და მოსწავლეებს, რომლებმაც საშუალება მოგვცეს ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე გვეჩუქებინა ამ ბავშვებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ სიკეთე გადამდებია“ - თქვა პედაგოგმა იამზე მსხვილიძემ.